ფასების ზრდა და რეკლამის აკრძალვა - რას ითვალისწინებს ანტიალკოჰოლური კამპანია და რა თანხა დაიხარჯება აქტივობებში

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა „ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადეს, კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობს საგანმანათლებლო აქტივობები სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, რისთვისაც წელს 90 000 ლარი დაიხარჯება.

„მოსახლეობაში ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების პრობლემა მწვავედ დგას და უნდა ვისწავლოთ ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება. ეს კამპანია 2015 წლიდან მიმდინარეობს და ყოველწლიურად გარკვეული თანხა არის გამოყენებული, ამ მიმართულებით მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდასთან დაკავშირებით.

წელსაც სხვადასხვა აქტიურობა არის დაგეგმილი, განსაკუთრებით სოციალური ქსელის აქტიურობა გვაქვს. ვამზადებთ გამოფენას. მულტიმედია გამოფენა გვექნება. ჩვენი ძირითადი სამიზნე არის ახალგაზრდები, რათა მათ დაივიწყონ ნებისმიერი მავნე ჩვევა. უნდა ვიცოდეთ, რომ არ შეიძლება 18 წლამდე ალკოჰოლის მოხმარება.

ასევე აუცილებელია მოსახლოების ინფორმირება, თუ რა ზიანს აყენებს ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობას ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით. ასევე მნიშვნელოვანია ფასების ზრდა და რეკლამის აკრძალვა,“ - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ.

ცნობისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შედეგად ყოველწლიურად მსოფლიოში 3 მილიონი ადამიანი იღუპება, მათ შორის, 320 ათასი 15-დან 29 წლამდეა.

ჯანმოს მიერ ალკოჰოლის საზიანო მოხმარების შემცირების მიზნით ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ამ მიმართულებით პრობლემა მწვავედ დგას საქართველოშიც.

ავტორი: ალექსანდა ისპირიანი