საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უქმდება - მისოების რაოდენობა ერთ წელიწადში 18-ით შემცირდა

საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უქმდება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 11 სექტემბრის განკარგულებაშია აღნიშნული.

კერძოდ, საუბარია, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სოლვაზე“.

განკარგულების თანახმად, გაუქმდა მისი როგორც მისო-ს რეგისტრაცია და დაიწყო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი.

„ეს განკარგულება გამოცემიდან 10-დღიან ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე,“ - აღნიშნულია განკარგულებაში.

ცნობისთვის, „სოლვას“ 51%-იან წილს შპს „აი დი ეფ ჯორჯია“, 49%-იან წილს კი კვიპროსში რეგისტრირებული „აიდიეფ ჰოლდინგ ლტდ“ ფლობს. თავის მხრივ, „აი დი ეფ ჯორჯიას“ 100%-იანი წილის მფლობელი ასევე - „აიდეფ ჰოლდინგ ლტდ“-ია.

Solva.ge საერთაშორისო სწრაფად მზარდი ჰოლდინგის, ID Finance-ის წევრი კომპანიაა. ID Finance გასცემს სწრაფმა სესხებმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ესპანეთში, რუსეთში, პოლონეთში, ბელორუსში, ყაზახეთსა და ბრაზილიაში.

მიმდინარე წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რიცხვი თითქმის ყოველთვიურად მცირდება, რაზეც ეროვნული ბანკის სტატისტიკაც მეტყველებს. კერძოდ, როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, თებერვლის მონაცემებით - 63 მისო; მარტ-აპრილში - 61; მაისში კი 58 მისო ფუნქციონირებდა; ივნისში ქვეყანაში უკვე 56 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, ივლისში - 55; ხოლო 18 სექტემბრის მდგომარეობით მათი რიცხვი 52-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ წლიურად მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რაოდენობა უკვე 18-ით არის შემცირებული. კერძოდ, გასული წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში 70 მისო იყო რეგისტრირებული.

თაია არდოტელი