დიდი პოტენციალი აქვს აქ ტურიზმს. არაჩვეულებრივი ხეობაა თავისი ბუნებრივი ტბებით, ბუნებით, რაც ტურისტებისთვის საინტერესოა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საოჯახო სასტუმრო „ტიტას“ მფლობელმა გია ვიბლიანმა განუცხადა.
ვიბლიანი და სხვა ადგილობრივები ხეობის ტურისტულ მიმზიდველობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მათ ძირითადად უცხოელი სტუმრები ჰყავთ და ბევრმა ქართველმა მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე ულამაზესი ხეობის შესახებ არაფერი იცის.
გია ვიბლიანი, რომელსაც ნენსკრას ხეობაში საოჯახო სასტუმრო 2008 წლიდან აქვს, ტურისტების სიმწირეზე საუბრობს, მისი თქმით 40 ტურისტის მასპინძლობა და მათთვის სამჯერადი კვების შეთავაზება შეუძლია, თუმცა მისი სასტუმრო ძირითადად სს „ნენკრა ჰიდროს“ თანამშრომლებით და სტუმრებითაა დატვირთული.
„სასტუმრო 2008 წელს გავხსენი. მაშინ არც ჰესის მშენებლობაზე იყო საუბარი და არც ტურიზმი იყო განვითარებული. სასტუმროს გახსნა იმიტომ გადავწყვიტე, რომ არ იყო ჩვენს ხეობაში სასტუმრო და დიდი პოტენციალი აქვს აქ ტურიზმს. ტურისტები მოდიან, მაგრამ ძალიან იშვიათად. ჩემი აზრით, საჭიროა რეკლამა, რომ მეტმა ადამინმა შეიტყოს ამ ადგილების შესახებ,“ - აცხადებს გია ვიბლიანი.
ხეობაში მეტი ტურისტის ხილვის სურვილს გამოთქვამს, 20 ადამინზე გათვლილი საოჯახო სასტუმრო „ნენსკრას“ მფლობელი მელორ ცინდელიანი. მისი თქმით, ძირითადად უცხოელი სტუმრები ჰყავს და ბევრმა ქართველმა არც კი იცის იმ საოცარი ბუნების შესახებ, რომელიც მესტიისკენ მიმავალ გზაზე, ნენსკრას ხეობაშია.
„6-7 წელია, რაც ტურისტებს ვმასპინძლობთ. ინტენსიურად არ გვყავს სტუმრები. საზღვარგარეთიდან გვყავს ხოლმე ტურისტები: ამერიკიდან, ისრაელიდან , ირანიდან, ჩეხეთიდან , უკრაინიდან, რუსეთიდან. ვისურვებდი მეტი ტურისტი გყავდეს, ამისთვის საჭიროა ის ყველაფერი გაკეთდეს, რაც ტურისტებს სჭირდებათ, მოწესრიგდეს შიდა გზები და ტურისტებს შესაბამისი მომსახურება შევთავაზოთ. აქ ტურიზმს კარგი პერსპექტივა აქვს. ტურისტების მოძრაობა მზარდია და ეს არის შემოსავლის დიდი წყარო ,“-აცხადებს მელორ ცინდელიანი.
მისივე თქმით, ნენსკრაში მოხვედრილ ტურისტებს განსაკუთრებით მოსწონთ ბუნება. რაც შეეხება იმას, თუ რა ხდის ნენსკრას ხეობას ტურისტულად მიმზიდველს , მელორ ცინდელიანი აცხადებს, რომ გარდა ლამაზი ხედების, სათევზაო და სანადირო ადგილების, საფეხმავლო და საცხენოსნო ტურებისა, ნენსკრას მთავარ მიმზიდველობას განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობა წარმოადგენს.
„ ტურისტები ამ მიდამოში სხვა ადგილებსაც, რომ ნახულობენ და შემდეგ აქ მოდიან აღიარებენ, რომ აქაური ბუნება განსაკუთრებით ლამაზია. სტუმრებს საცხენოსნო და საფეხმავლო ტურებს, სათევზაო , სანადირო ადგილებს, ბუნებას და განსაკუთრებულ სტუმართმოყვარეობას ვთავაზობთ. ზოგადად, ქართველებს მიგვაჩნია , რომ სტუმარი ღვთისაა და ეს სვანეთში განსაკუთრებით ასე ვთქვათ ძვალშია გამჯდარი.სვანეთში კი გამორჩეულად ჭუბერში. ეს სოფელი ოდითგანვე გამორჩეული იყო მთელს რაიონში,“-აღნიშნა მელორ ცინდელიანმა.
კიდევ ერთი ადგილობრივის, შოთი ცინდელიანის თქმით, ნენსკრას ხეობაში მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილი, რომელსაც ტურისტები სტუმრობენ, უთვირის უღელტეხილია, რომელიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებს აკავშირებს. იგი ზღვის დონიდან 2750 მ-მდე მდებარეობს. მისივე თქმით, ტურისტებს საშუალო სირთულის საფეხმავლო მარშრუტით შეუძლიათ უთვირის უღელტეხილის და იქ მდებარე ტბების მონახულება.
„ინტერპრესნიუსთან“ ნენსკრას ხეობის ტურისტულ პოტენციალსა და ტურიზმის წახალისების საჭიროებაზე საუბრობს სს „ნენკრა ჰიდროს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი ირინა პეტრიაშვილი. მისი თქმით, ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ ნენსკრასა და ნაკრას ხეობების ტურისტული პოტენციალის წახალისების მიზნით, აქტიურ საინფორმაციო კამპანიას მედიასა და სოციალურ ქსელში, ივლისიდან ახორციელებს.
„ ჩვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი კომპონენტია ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. ზუსტად ამას ემსახურება ჩვენი კამპანია, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამინმა გაიგოს რა არაჩვეულებრივი ადგილებია აქ და როგორი სტუმართმოყვარე ხალხო დახვდებათ , როდესაც ჩამოვლენ,“-აცხადებს ირინა პეტრიაშვილი.
ცნობისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტის მდინარე ნენსკრას ხეობაში, ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომლეიც ქალაქ ზუგდიდიდან 80 კილომეტრის სავალზეა, დღეს 15-მდე საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს და 5-მდე გესთჰაუსი მშენებლობის/რემონტის ეტაპზეა. საოჯახო სასტუმროების მფლობელების უმეტესობა ტურისტებს განთავსებასა და კვებასთან ერთად, ტრანსპორტს/ცხენს და გიდის სერვისს სთავაზობს. ამასთან, ჭუბერში არის რამდენიმე პატარა მარკეტი და 1 კვების ობიექტი.