განახლებადი ენერგოწყაროების ლაბორატორია გაიხსნა

საქართველოში პირველად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განახლებადი ენერგოწყაროების ლაბორატორია გაიხსნა. RES Lab-ის შექმნის მიზანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევების განხილვა, შესაბამისი კვლევების განხორციელება და კონსულტაციების გამართვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სემეკ-იდან აცნობეს, ლაბის ფარგლებში შეიქმნება სადისკუსიო პანელი, სადაც კერძო და სახელმწიფო ინსტიტუციები გაერთიანდება. პანელური შეხვედრების ფორმატში მუდმივად განიხილება კვლევების შედეგები, რეკომენდაციები და მისი განხორციელების გზები საქართველოში.

მათივე ინფორმაციით, ლაბორატორიის ფარგლებში ეტაპობრივად გაწევრიანდებიან სხვადასხვა ორგანიზაციები, წევრობა არ ითვალისწინებს ფინანსურ კონტრიბუციას და მოიაზრებს მხოლოდ ინტელექტუალურ და აკადემიურ პარტნიორობას. განახლებადი ენერგოწყაროების ლაბორატორიის დაფუძნების ინიციატორია სემეკის წევრი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარმომადგენელი მაია მელიქიძე.