რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის შეუსრულებლობა კი არა, გადაჭარბებით შესრულება აქვს, ვიდრე ოდესმე ჰქონია,- ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, სამინისტროს ბიუჯეტის 6 თვის შესრულება არის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე - 200 მილიონ ლარზე უფრო მეტი.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ რატომ სჭირდება სამინისტროს პროექტების გადავადება წლების განმავლობაში მათ შორის, ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის პროექტის შემთხვევაში, ქუთაისის აეროპორტამდე მისასვლელი გზის პროექტთან მიმართებაში და ასევე რიკოთის უღელტეხილის პროექტთან დაკავშირებით, რომლის 13%-ია ათვისებული.
„ინფრასტრუქტურული პროექტების გადავადებასთან არ გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში. ანგარიში ეხებოდა მთლიანად სახელმწიფო სისტემას, რომლის ნაწილიც არის ინსტრასტრუქტურის სამინისტრო. რა თქმა უნდა, გამოსასწორებელი შენიშვნები სრულყოფისთვის ყოველთვის არსებობს. რაც შეეხება გადავადებას ან შესრულებას, უშუალოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს წლევანდელი ბიუჯეტი არის რეკორდულად მაღალი და ასევე რეკორდულად მაღალია ამ ბიუჯეტის შესრულება. ჩვენი 6 თვის შესრულება არის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე , 200 მილიონ ლარზე უფრო მეტი. ჩვენი ყველა პროექტი მიმდინარეობს ძალიან კარგი ტემპით, თუ არის აუთვისებლობა გარკვეულ პროექტში, მისი დაბალანსება ხდება სხვა პროექტით, სადაც უკეთესი ათვისებაა. ეს არის ჩვეულებრივი სამშენებლო პროცესი, მაგრამ მთავარია, მთლიანობაში სამინისტროს ბიუჯეტის შეუსრულებლობა კი არა, ბევრად უკეთესი, გადაჭარბებით შესრულება გვაქვს ვიდრე ოდესმე გვქონია",- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯამში 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 27 კაპიტალური პროექტის წლიური ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემებით, 0%-ითაა ათვისებული. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 6 თვის მონაცემებით, 26 პროექტში ათვისებულია წლიური ბიუჯეტის 1%-დან 30%-მდე რესურსი, ხოლო 22 პროექტში ათვისების მდგომარეობა 30-100%-მდე მერყეობს. ამასთან, 5 პროექტის შემთხვევაში გაწეულმა ხარჯებმა უკვე გადააჭარბა განსაზღვრულ წლიურ გეგმას. სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 80 კაპიტალური პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 2,349 მლნ ლარს შეადგენს. ამასთან, უწყება კაპიტალური პროექტების განხორციელების ეტაპებზე არსებული ხარვეზებზე მიუთითებს.