"სსფ მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა ინფლაციური წნეხის საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მართებულად ასწია"

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის მდგრადი ზრდა ეკონომიკის სიძლიერეზე მიუთითებს. ამასთან, სსფ მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მართებულად ასწია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ინფლაციური წნეხის საპასუხოდ. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

სსფ-ს მისიის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. 11-17 სექტემბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა სსფ-ს მისია მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით. მისიის მიზანი იყო ქვეყნის ეკონომიკაში და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესების მიმოხილვა და სტრუქტურული რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესის შეფასება.

ვიზიტის დასასრულს ვერა-მარტინმა განაცხადა , რომ საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტი მყარია.

„ ნაკლებად ხელშემწყობი საგარეო ეკონომიკური გარემოს საგარეო ვითარების მიუხედავად, წინასწარი მონაცემების მიხედვით, ეკონომიკის ზრდის ტემპი 2019 წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელზე მაღალი იყო, დაახლოებით 5 პროცენტის ოდენობით. აგვისტოს თვეში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი (4.9 პროცენტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით) ასახავს აქციზის გადასახადის მატებას, საკვების ფასების ზრდას და ლარის გაუფასურებას,”-აღნიშნა ვერა-მარტინმა.

მისივე თქმით, სსფ უცვლელად ტოვებს საქართველოს ეკონომიკის 2019 წლის ზრდის პროგნოზს 4.6 პროცენტის დონეზე, ხოლო წლიური ინფლაციის პროგნოზი 2019 წლის ბოლოსთვის 5.4 პროცენტია.

„ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს (წლიურ 3 პროცენტიან ზრდას) 2020 წელს მიუახლოვდება, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მოსალოდნელია, რომ 2019 წელს 2 პროცენტული პუნქტით შემცირდება, მშპ-ს 6 პროცენტამდე. ეკონომიკის პერსპექტივაზე მოქმედი უარყოფითი რისკების ზრდის ფონზე, მათ შორის საერთაშორისო სავაჭრო ომებით გამოწვეული დაძაბულობის გამო, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოფრთხილება მნიშვნელოვანია მომავალში პოტენციური შოკების ზეგავლენის აღმოფხვრისთვის.

ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების მზაობას განაგრძოს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება და სტრუქტურული რეფორმების გატარება,”-განაცხადა ვერა-მარტინმა.

მისი განცხადებით, სსფ-ს მისია იწონებს ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევას სტრუქტურული რეფორმების გატარების და მეტად ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ შორის განათლების რეფორმას.

დეტალურად, სსფ-ს მისიის ვიზიტის შესახებ იხილეთ ლინკზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=3748