2012 წელს, საჯაროდ დავპირდი ქართულ საზოგადოება ს, რომ ქუთაისში ავაშენებდით უნივერსიტეტს, დღეს ყველანი ვხედავთ, რომ მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება და 2020 წლის სექტემბერში, ამ შენობაში პირველი სტუდენტები შემოაბიჯებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის საკითხზე აცხადებს.
როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, საქართველოს მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ განათლება ისევე მნიშვნელოვანია „ქართული ოცნებისთვის“, როგორც ჰაერი და წყალი.
„ეს იქნება ადგილი, სადაც ნიჭი და შესაძლებლობები რეალიზდება. საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის, რომ განათლება ისევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ჰაერი და წყალი. მხოლოდ განათლებაა ის იარაღი, რითაც ჩვენი ახალგაზრდობა შეძლებს დიდების დღეები აღუდგინოს ჩვენს სამშობლოს. ჩვენნაირი ქვეყნისთვის სწორედ განათლება წარმოადგენს იმ მთავარ რესურსს, რომელსაც განვითარების სტრატეგია უნდა დაეფუძნოს. ჯერ კიდევ 11 წლის წინ, მე და ჩემმა ოჯახმა დავიწყეთ ფიქრი და ოცნება, საქართველოში შეგვექმნა თანამედროვე და მძლავრი ტექნოლოგიური საგანმანათლებლო კერა, რომელიც გარღვევას მოახდენდა ქართულ სასწავლო და სამეცნიერო სივრცეში. 2012 წელს, საჯაროდ დავპირდი ქართულ საზოგადოებას, რომ ქუთაისში ავაშენებდით უნივერსიტეტს და ამ ქალაქს საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას დავუბრუნებდით. დღეს ყველანი ვხედავთ, რომ მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება და გაისად, 2020 წლის სექტემბერში, ამ შენობაში პირველი სტუდენტები შემოაბიჯებენ. ეს რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, თუმცა, დღეს ჩვენ გვჭირდება არა უბრალოდ კიდევ ერთი უნივერსიტეტი, არამედ უმაღლესი განათლების ისეთი კერა, სადაც სწავლის ხარისხი შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან და ეს აღიარებული იქნება საერთაშორისო დონეზე. სწორედ ამიტომ, ამ სფეროს საუკეთესო სპეციალისტებთან ერთად, რამდენიმე წელია აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და მნიშვნელოვან შედეგსაც მივაღწიეთ“, - აცხადებს ივანიშვილი.
მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის სისტემა, მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მართვის სისტემასთან იქნება შესაბამისობაში.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაისში გვექნება საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის მენეჯმენტის სისტემა, საგანმანათლებლო მიმართულებები, მკვლევართა და ლექტორთა შერჩევის წესი მთლიანად შესაბამისობაში იქნება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მართვის სისტემასთან, რომელთანაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2017 წლიდან თანამშრომლობს. გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს ისეთ წამყვან სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან, როგორიცაა იულიხის კვლევითი ცენტრი, აახენის უნივერსიტეტი და რენის უნივერსიტეტი. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ფონდი „ქართუ“ უკვე რამდენიმე წელი მუშაობს საქართველოში ადრონული ამაჩქარებლის პროექტზე და ამ მიზნით თბილისსა და ქუთაისში იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ეს გახლავთ ურთულესი მაღალტექნოლოგიური პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელებას ესაჭიროება სათანადო სამეცნიერო-კვლევითი ბაზა, რაც გულისხმობს როგორც ინფრასტრუქტურას, ისე შესაბამისი კადრების მომზადებას. ფონდი ეტაპობრივად ახორციელებს დასახულ მიზანს. პირველ ეტაპზე ქუთაისში აიგება ადრონული თერაპიის ცენტრი ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებლით, რომელსაც ექნება როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ისე სამედიცინო დანიშნულება. ამ მიზნით უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ამაჩქარებლების მწარმოებელ საერთაშორისო კონცერნ „აიბიეისთან“ (IBA), რომელიც მსოფლიო ლიდერია ამ დარგში. ამავე დროს თბილისში, კერძოდ დიღომში არსებულ ცენტრში მიმდინარეობს თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო სამეცნიერო ინსტიტუტების კლასტერის მოწყობა. ორივე ცენტრის მიზანია შესაბამისი კადრების მომზადება და ქართველი მეცნიერების ახალი თაობის აღზრდა“, - აღნიშნავს ივანიშვილი.
მისივე თქმით, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი მოიცავს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის საერთაშორისო კვლევით ტექნოლოგიურ ცენტრს და ჯანდაცვის საერთაშორისო ცენტრს, რომელთაც დღეს საქართველოში ანალოგი არ გააჩნია.
„პროექტის განხორციელების მეორე ეტაპზე მოხდება დიდი ამაჩქარებლის - სინქროტრონის შექმნა, რომელიც სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ქართულ მეცნიერებას და შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას, გახდეს ევროპისა და მსოფლიოს ინტელექტუალური სივრცის სრულფასოვანი ნაწილი. ამრიგად, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი მოიცავს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის საერთაშორისო კვლევით ტექნოლოგიურ ცენტრს და ჯანდაცვის საერთაშორისო ცენტრს, რომელთაც დღეს საქართველოში ანალოგი არ გააჩნია და ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია. განსაკუთრებულად მინდა გავუსვა ხაზი, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს, ხოლო აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის კრიტერიუმები მთლიანად განისაზღვრება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისად. აღვნიშნავ იმასაც, რომ ფონდი "ქართუ" დარჩება მხოლოდ კერძო დამფინანსებლად და არა მესაკუთრედ საუნივერსიტეტო კომპლექსისა, რომელიც ვინმეს საკუთრება კი არ იქნება, არამედ იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი და მთელი ქვეყნის საკუთრება“, - განმარტავს ის.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი „იქნება ჩვენი ქვეყნის გზამკვლევი ტექნოლოგიური აფეთქების ეპოქაში“.
„ჩვენ ვხედავთ, რომ 21-ე საუკუნე იქნება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ელვის სისწრაფით განვითარების ხანა. მსოფლიო ყოველდღიურად და ყოველწლიურად იცვლება. ამის საფუძველია ცოდნა და განათლება. ჩვენმა წინაპრებმა გარჯით და ბრძოლით შეინარჩუნეს და დაგვიტოვეს ეს მშვენიერი ქვეყანა. დღეს საქართველოს წინაშე მდგარი უმთავრესი ამოცანაა, ფეხი აუწყოს და არ ჩამორჩეს მსოფლიოში მიმდინარე სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პროცესს. ჩვენ გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც სჭირდებათ სათანადო პირობები და ადგილი, სადაც ეს ნიჭი და შესაძლებლობები რეალიზდება. სწორედ ეს არის მთავარი მიზანი, რის გამოც ვაარსებთ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით და ინფრასტრუქტურით აღჭურვილ საუნივერსიტეტო ქალაქს ქუთაისში, საგანმანათლებლო კომპლექსს, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის გზამკვლევი ტექნოლოგიური აფეთქების ეპოქაში“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.