სერგეი ლავროვი : ახალი სანქციების შემთხვევაში, რუსეთის საპასუხო ზომები საკუთარი ინტერესების დაცვისკენ იქნება მიმართული

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი არ ჩაერევა სამხედრო გზით უკრაინის კონფლიქტში.

ამის შესახებ ლავროვმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ მინსკში დღეს გასამართი შეხვედრის მთავარი თემა აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა იქნება.

"ვიმედოვნებ, რომ დღეს გასამართი შეხვედრა პირველ რიგში, ცეცხლის დაუყოვნებელ შეწყვეტას მიეძღვნება. რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რაც ჩვენზე არის დამოკიდებული, რომ ხელი შევუწყოთ უკრაინაში კრიზისის პოლიტიკური და მშვიდობიანი გზით დარეგულირებას უკრაინის ყველა რეგიონის ინტერესის გათვალისწინებით", - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

როგორც სტუდენტებთან შეხვედრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რუსეთი დასავლეთს მოლაპარაკებებს სთავაზობს და არა – სანქციებით მუქარას. სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი პარტნიორებს მოუწოდებს, სიტუაციას "ცივი ომის" სტერეოტიპებს მიღმა შეხედოს.

"ახალი სანქციების შემთხვევაში, რუსეთის საპასუხო ზომები საკუთარი ინტერესების დაცვისკენ იქნება მიმართული", - განაცხადა სერგეი ლავროვმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნატო-ს გაფართოებაზე მუდმივი საუბარი პროვოკაციული ხასიათისაა.

მინსკში დღეს აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის დარეგულირებაზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ეუთო-ს წარმომადგენელი, რუსეთის ელჩი უკრიანაში მიხეილ ზურაბოვი და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა.