პარლამენტს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურა წარედგინა.
სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა. შეგახსენებთ, რომ სემეკ-ის წინა თავმჯდომარეს ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა.
ცნობისთვის, დავით ნარმანია 2014 - 2017 წლებში თბილისის მერის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2017 წლის 22 დეკემბერს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად დაინიშნა.
2019 წლის 5 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, დავით ნარმანიას შემოსავალმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრობისას (სემეკი) 2018 წელს 127 360 ლარი შეადგინა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორობისას მისმა წლიურმა შემოსავალმა 17 280 ლარი; ტექნიკურ უნივერსიტეტში დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელოსას კი - 6 110 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება მის უძრავ-მოძრავ ქონებას, ნარმანიამ 2018 წელს თბილისში 1 500 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი შეიძინა, რაშიც 180 000 დოლარი გადაიხადა. ის ასევე ფლობს 97 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში და 3 415 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს ზუგდიდში, სოფელ კოკში.
დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს ასევე შპს „ნარმანია, რისერჩ ენდ კონსალტინგის“ 50%-იან წილს, თუმცა, მისი საქმიანობით გასულ წელს შემოსავალი არ მიუღია. მასვე, დეკლარაციის მიხედვით, 60 ათასი ლარისა და 50 ათასი დოლარის ოდენობის სესხი ჰქონდა, რომლის შედეგადაც მისმა გასავალმა 8 556,21 დოლარი შეადგინა.
ამასთან, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ნარმანიას შემოსავალმა გასულ წელს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის შედეგად - 11 500 ლარი; ხოლო უძრავი ქონების (ბინის) რეალიზაციის შედეგად, 105 000 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში, საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 12 712.35 ლარი და 9 583,99 ლარის საკრედიტო ჰქონდა.
დავით ნარმანია მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად ცხოვრობს. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მისი მეუღლე ფლობს 3 584 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს სოფელ ბოშურში. ამასთან, მისმა შემოსავალმა გასულ წელს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ლექტორობისას 1 020 ლარი შეადგინა.