გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის (კმ0+000-კმ14+400) მშენებლობის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.
„გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტი გულისხმობს ახალი ოთხზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოწყობას დასახლებული პუნქტების მაქსიმალური გვერდის ავლით. განსახლების სამოქმედო გეგმა ეხება გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14.4 კმ. სიგრძის მონაკვეთს, რომელიც მდებარეობს გურიის რეგიონში, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში. საპროექტო მონაკვეთი იწყება სამტრედია-გრიგოლეთის გზიდან, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირზე, გადადის მდინარის მეორე ნაპირზე, უვლის სუფსის ტერმინალს მარცხენა მხრიდან, კვეთს მდინარე წყალწმინდას და ურეკს. კერძოდ, სარკინიგზო სადგურისა და პოლიციის შენობის შემაერთებელი გზის მონაკვეთს. კვეთს მდინარე სეფას, მის შენაკადს, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზას, უვლის საკონცერტო დარბაზს (ბლექ სი არენას) და უერთდება ქობულეთის შემოვლით გზას. მთლიანობაში გზის გაყოლებაზე დაგეგმილია სატრანსპორტო კვანძების, მდინარეებზე (სუფსა, წყალწმინდა, სეფა, სეფას შენაკადი) გადასასვლელების, გზაგამტარებისა და წყალგამტარი მილების მოწყობა,“-აღნიშნულია ბრძანებაში.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით, მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.
თუმცა, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ურეკში გია რუსიეშვილის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე. კერძოდ, საუბარია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (საერთო ფართი 599 კვ.მ) – 145 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, აღნიშნული ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარება.