ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის განმარტებით, NDI-ზე ზუსტ და კვალიფიციურ კვლევებს ეკონომიკური მიმართულებით სტატისტიკის სამსახური და სხვა უწყებები ატარებენ.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ეკონომიკის დაგეგმვა სწორედ ამ კვლევებზე დაყრდნობით ხდება, ხოლო NDI-ს კვლევა, რომელიც მთავრობის საქმიანობას უკავშირდება, უფრო პოლიტიკურ განწყობებს ასახავს.
„NDI-ის კვლევის სიზუსტეზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. შეიძლება ზუსტია, შეიძლება არა. ის ეკონომიკური საკითხები, რაც მოყვანილია - სიღარიბე, უმუშევრობა და ა.შ. ამ საკითხებზე გაცილებით ზუსტ და კვალიფიციურ კვლევებს ატარებენ სტატისტიკის დეპარტამენტში და ასევე სხვადასხვა უწყებაში. ეს არის გაცილებით მაღალხარისხიანი და მეთოდებიც არის აპრობირებული. შესაბამისად, როცა საუბარია სიღარიბეზე, უმუშევრობაზე, სხვა პარამეტრებზე, რომლითაც ეკონომიკის შეფასება ხდება, ბუნებრივია, ჩვენ ეს პარამეტრები გვაქვს, გაცილებით უფრო ხშირად და გაცილებით უფრო ზუსტი. შესაბამისად, ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისას და გატარებისას, ვეყრდნობით როგორც ადგილობრივ, პირველ რიგში, სტატისტიკის დეპარტამენტის, ასევე სხვა უწყებების კვლევებს, ასევე საერთაშორისო პარტნიორების კვლევებს, რომლებიც ასევე საკმაოდ სერიოზულ კვლევებს ატარებენ, იქნება ეს მსოფლიო ბანკი თუ სხვა ორგანიზაციები. შესაბამისად, მონაცემები გვაქვს, ბევრად უფრო ზუსტი. NDI-ის კვლევა უფრო პოლიტიკური კონტექსტით და რაკურსით დანახულია ხოლმე და განწყობებს უფრო გამოხატავს, რომელიც ასევე გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა კვლევების სანდოობაზე დასმულ კითხვებს და აღნიშნა, რომ კითხვები არსებობს საველე სამუშაოებზე, რომელსაც „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ დაკვეთით ადგილობრივი კომპანია აწარმოებს.
„ერთი რამ ვიცი, რომ განწყობებში თუ არის ცვლილება, ეს გასათვალისწინებელია ხელისუფლების მიერ და მოდუნების საშუალება არ უნდა მოგვცეს ამან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირდაპირ აღებული იმ განწყობებით უნდა დავგეგმოთ ეკონომიკა. ეკონომიკას ჩვენ დავგეგმავთ იმ ზუსტი ინფორმაციით და იმ კვლევებით, სადაც ბევრად უფრო მაღალპროფესიულ დონეზეა ეს კვლევები მოპოვებული“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 60 %-ის აზრით, მთავრობა „ცუდად“ მუშაობს.