არათუ არ გამიგდია ინვესტორი ოთახიდან, არამედ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ერთად ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მივიღოთ მეტი ინფორმაცია და ვიმსჯელოთ ეს კონკრეტული ინვესტორი რამდენად შეძლებს ჩაანაცვლოს 45%-იანი წილის მქონე ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფი“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რითაც საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას კიდევ ერთხელ უპასუხა, სადაც ხაზარაძე აცხადებს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანაკლიის პორტის ინვესტორები კაბინეტიდან გააგდო.
ვიცე-პრემიერის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება მამუკა ხაზარაძის განცხადება ანაკლიის პორტის პროექტის პოტენციური ინვესტორის „მერიდიან კაპიტალ ლიმიტედის“ უარით გასტუმრების შესახებ.
„ამ კოპანიასთან და ნებისმიერ სხვა ინვესტორთან, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას აპირებს, მთავრობას აქვს ყურადღებიანი და პოზიტიური დამოკიდებულება. ჩვეულებრივ საქმიან რეჟიმში ვაგრძელებთ ურთიერთობას ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან და პირველ რიგში, მუშაობა მიმდინარეობს ამ შემოთავაზებული ინვესტორის შეთანხმების პროცედურებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.