კვლევის შესაბამისად აღმოჩნდა, რომ სიგარეტის უკანონო ვაჭრობის მხრივ, ყველა რეგიონში ნორმალური მდგომარეობა გვაქვს, გარდა სამეგრელოსი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ განუცხადა.
მისი თქმით, კვლევის "გადასახადების გავლენა სიგარეტის უკანონო ვაჭრობაზე საქართველოში" პირველი ტალღა სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტმა 2017 წლის ნოემბერში ჩაატარა. მეორე ტალღა 2018 წლის ნოემბერში განხორციელდა, ხოლო მესამე ტალღა - 2019 წლის აპრილში.
"3 თანმიმდევრული ტალღა იყო. ფაქტობრივად, ერთი და იმავე ადამიანების, მწეველების გამოკითხვა მიმდინარეობდა რეგიონებში - სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, იმერეთი, ასევე დედაქალაქი თბილისი, იქიდან გამომდინარე, რომ უკანონო ვაჭრობის შემთხვევები უფრო მეტად კონცენტრირდება ამ რეგიონებში. იცით, კონფლიქტურ ზონებთან მახლობელი ტერიტორიებია, შესაბამისად, მხოლოდ ეს რეგიონები ავიღეთ. პირველი, მეორე და მესამე კვლევის შესაბამისად აღმოჩნდა, რომ ყველა რეგიონში საკმაოდ ნორმალური მდგომარეობა გვაქვს, გარდა სამეგრელოსი. სამეგრელოში ასეთი მდგომარეობა დაფიქსირდა: პირველი ტალღის დროს 5% იყო უკანონო ვაჭრობის შემთხვევები, აქედან თამბაქოს ნაწარმის აბსოლუტური უმრავლესობა იყო აფხაზურ აქციზიანი. მეორე ტალღაში ეს 14%-მდე გაიზარდა და მესამე ტალღაში - 32%-მდე. მთლიანად საქართველოზე თუ გადავიანგარიშებთ, რა თქმა უნდა, უკანონო ვაჭრობის წილი 2-3%-ს კვლავ არ სცილდება, მაგრამ ყველაზე სარისკო რეგიონი მაინც სამეგრელო გვაქვს. კვლევა, როგორც გითხარით, ჩატარდა აპრილში. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კონკრეტულად აპრილში რა მდგომარეობა იყო,"- განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.