საქართველომ ევროპის გოლფ რუკაზე 34-ე ადგილი დაიკავა

გოლფის სამყაროში ყველაზე პოპულარულმა ჟურნალმა (World Golf Magazine) “თბილისი ჰილს გოლფის“ (Tbilisi Hills Golf) მოედანი კონტინენტალური ევროპის საუკეთესოთა ასეულში შეიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას ,,თბილისი ჰილს გოლფი’’ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 5000 აპლიკანტს შორის საქართველოში სულ რაღაც ერთი წლის წინ გახსნილმა კლუბმა 34-ე ადგილი დაიკავა. მოედნების შეფასება რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით მიმდინარეობს: სპორტული დიზაინი, განლაგება და ინფრასტრუქტურა, კომფორტულობა, ბალახისა და მიწის ხარისხი, ვიზუალური მხარე.

„Tbilisi Hills Golf კლუბი გოლფის ტურიზმის ევროპული გაერთიანების წევრია, რაც მისი მაღალი ხარისხის მაჩვენებელია“, - აცხადებენ Tbilisi Hills Golf კლუბში.

როგორც თბილისი ჰილსის გოლფ-დირექტორი , პაულ პოჰი, აღნიშნავს, „სასიხარულოა, რომ ჩვენ შევძელით ევროპის გოლფ რუკაზე მოხვედრა და მინდა მივულოცო თბილისი ჰილსის გუნდს ეს წარმატება“.

„ძვირადაღირებული სპორტის საერთაშორისო დონის მოედანი ხელს უწყობს საქართელოსთვის ახალი ტურისტურლი ბაზრების ათვისებასა და ამ სფეროს ხარისხობრივად უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.