ვირის რძით საპნების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ „დემა“ კიდევ ორი სახეობის პროდუქცია გამოუშვა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი მაია დევნოზაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, საპნებზე მოთხოვნა იმდენად მზარდია, რომ პატარა საწარმო შეკვეთებს ვეღარ ასწრებს, შესაბამისად, დღის წესრიგში მისი გაფართოვების საკითხი დადგა.
მისივე თქმით, „დემას“ პროდუქცია სულ მალე კიდევ ერთი ახალი პლატფორმის, ონლაინ მაღაზიის საშუალებითაც გაიყიდება.
საპნების მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ „დემა“ ვირის რძით დამზადებული საპნები დაახლოებით, ერთი წლის წინ გამოუშვა. როგორც მაია დევნოზაშვილი აცხადებს, პროდუქცია ბებიის რეცეპტით მზადდება, რომელსაც სხვადასხვა სახის მცენარეებზე დამზადებული სამკურნალო მალამო ემატება.
საოჯახო ტიპის საწარმო ბოლნისის რაიონის სოფელ ბალიჭში მდებარეობს და გარდა საპნებისა, სარეცხ საშუალებასაც უშვებს, რომელიც ანტიალერგიულია.
მაია დევნოზაშვილის თქმით, თავდაპირველად პროდუქცია მხოლოდ ოჯახისთვის, სახლის პირობებში მზადდებოდა, თუმცა 2016 წლიდან უკვე მცირე ბიზნესად იქცა.
ამ ეტაპზე კომპანია 32-მდე სახეობის პროდუქტს უშვებს, რომელიც ძირითადად, ადგილობრივ ნედლეულზე (გვირილა, კურკუმა, თავშავა, პიტნა, ცაცხვზე, ჭინჭარი და სხვა. სამკურნალო მცენარეები) მზადდება.
როგორც მაია დევნოზაშვილი აცხადებს, მცენარეები, ასევე, ვირის რძე ადგილობრივია, მხოლოდ ზეითუნის ზეთია ესპანეთიდან იმპორტირებული.
მისივე ინფორმაციით, პროდუქცია ამჟამად ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში, ასევე „ევროლაინსა“ და თბილისის ტურისტულ უბნებში მდებარე სხვადასხვა მაღაზიაში იყიდება, მისი ღირებულება კი 8-დან 12 ლარამდე მერყეობს.
„სულ ახლახანს დავამატეთ კიდევ 2 სახეობის პროდუქცია. ეს არის ევკალიპტის და ლავანდას საპონი. ასევე, სპეციალურად თმისთვის შევქმენი, ოროვანდის, აბუსალათინის ზეთის, ჭინჭრის, პიტნისა და ბირკალისგან დამზადებული საპონი. ის ხელს უწყობს ახალი თმის ამოსვლას და აჩერებს თმის ცვენას. რაც შეეხება ევკალიპტს და ლავანდას, კანისთვის არის განკუთვნილი, ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოა, თან დამამშვიდებელი ეფექტი აქვს“,- ამბობს მაია დევნოზაშვილი.
ახალი პროდუქციის საბითუმო ფასი 6-დან 7 ლარამდეა. მისი შეძენა კი სულ მალე ახალი პლატფორმის საშუალებითაც იქნება შესაძლებელი.
„სულ მალე კიდევ ერთი გაყიდვის წერილი დაგვემატება. კერძოდ, „თბს ბანკმა“ გააკეთა ონლაინ მაღაზია, სადაც ჩვენ პროდუქციაც გაიყიდება.
ასევე მოლაპარკებას ვგეგმავთ ერთ-ერთ აფთიაქთან, უბრალოდ, რატომღაც ერთდროულად ვერცერთმა მხარემ ვერ მოვიცალეთ და ჯერ-ჯერობით მათ ქსელში არ შევსულვართ“,- აცხადებს მაია დევნოზაშვილი.
როგორც „დემას“ დამფუძნებელი აღნიშნავს, პროდუქციაზე, განსაკუთრებით კი ვირის რძის საპონზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, რის გამოც არსებული საწარმოს გაფართოვება გახდა საჭირო.
„საწარმოს გაფართოვებას ვგეგმავთ, რადგან არსებული ფართი პატარაა, შეკვეთები კი გაცილებით მეტია. იმავე ტერიტორიაზე გვინდა შედარებით დიდი ფართობის ათვისება. ჯერჯერობით ვადებს ვერ გიკოკრეტებთ, მაგრამ რაც შეიძლება ახლო მომავალში ვაპირებთ. იმიტომ, რომ ჩვენს საპნებზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. თავიდან უპირატესობას არომატებს ანიჭებდნენ, მაგრამ ვინც „დემას“ საპნები გამოიყენა, ჩვენი მომხმარებლი გახდა და მიხვდა, რომ სუნი არ არის მთავარი ფაქტორი, გაცილებით ეფექტიანია ის საპნები, რომელსაც არანირი არომატი არ აქვს. სხვათაშორის, გერმანიიდან გვყავდა სტუმრები და მათაც სულ უსუნო საპნები წაიღეს. ამასთან, დიდია მოთხოვნა
ქართველი ემიგრანტების მხრიდანაც, მაგრამ ჩვენ ჯერ ექსპორტს ვერ ვიწყებთ, რადგან ბიო სერთიფიკატია საჭირო. ჩვენს პროდუქციას შორის კი, ყველაზე პოპულარული ვირის რძის საპონია. ამის გამო, პროდუქტის წარმოება მნიშვნელოვნად გავზარდეთ“,- აცხადებს მაია დევნოზაშვილი.