მთავრობამ სახელმწიფო კომპანია "აკურას" ჭარბი და დაზიანებული ყურძნის პირდაპირი შესყიდვის განხორციელების ნებართვა მისცა, -აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიაწოდა და იქვე დასძინა, რომ წელს მევენახეებისთვის კლიმატურად რთული წელი იყო, თუმცა ყურძნის ჩაბარების პრობლემები არ შეიქმნება.
"სექტემბერი არის აქტიური სეზონი სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით. იცით, რომ გვაქვს ინტენსიური ფაზა რთველის მიმდინარეობის. შესაბამისად, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ ეს არის საკმაოდ დიდი კამპანია და მრავალი ათასი ფერმერია ამ ღონისძიებაში ჩართული, მიზანმიმართულად ჩავთვალეთ რთველის მიმდინარეობის შესახებ მოგაწოდოთ მოკლე ინფორმაციები, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც, ჩვენ გვაქვს კლიმატურად საკმაოდ რთული წელი, ბევრი გამოწვევა, რომელიც უკავშირდება ყურძნის ხარისხს და ამასთანავე, გვაქვს საკმაოდ დიდი მოსავალი. ეს არის მზარდი, შესაბამისად, იზრდება გამოწვევები სახელმწიფოსთვის და იზრდება გამოწვევები ჩვენი სამინისტროსთვის, იმისთვის, რომ რთველი მაქსიმალურად ორგანიზებულად, შეფერხების გარეშე და ისეთივე წარმატებით ჩატარდეს, როგორც ეს ხდებოდა წინა წლებში. ამიტომ სახელმწიფომ თავისი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში, წელს გააკეთა გარკვეული ინტერვენციები, იმისთვის, რომ ბაზარზე სიტუაცია დააბალანსოს, მევენახეების, ფერმერების ინტერესები იყოს დაცული და მათ ჩაბარების პრობლემა არ ჰქონდეთ. შესაბამისად, მივეცით უფლება სახელმწიფო კომპანია „აკურას“ პირდაპირი შესყიდვების განხორციელების, რომელიც, როგორც იცით, ჭარბ, დაზიანებულ ყურძენს იბარებს, რომელიც, როგორც წესი, ხშირ შემთხვევებში, კერძო სექტორისთვის შეიძლება არ იყოს საინტერესო. ჩაბარების პრობლემა ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ფერმერებს არ ექნებათ. შესაბამისად, ვნებათაღელვა, რომელიც რთველის მიმდინარეობის პირველ დღეებში იყო, გადაივლის", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, რთველი ამ ეტაპზე ინტენსიურ ფაზაშია და გადამუშავებულია 80 ათასს ტონაზე მეტი ყურძენი. აქედან ძირითადად 50 000 ტონაზე მეტი გადამუშავებულია რქაწითელი, 20 000 ტონაზე მეტი საფერავი და დანარჩენი სხვა ჯიშები. მინისტრმა ჟურნალისტებს ფასებთან დაკავშირებული ინფორმაციაც მიაწოდა.
"ძირითადი ფასი, ინდუსტრიულ რქაწითელზე, რომელიც არის ყველაზე მაღალი ხარისხის, არის 70 თეთრი. აქაც იყოს სპეკულაციები, რომ მევენახეებს არ ექნებოდათ თავიანთი ყურძნის დაბინავების საშუალება ისე, რომ ისინი წავიდოდნენ ზარალში. ეს ასე არ არის. მინიმალური ფასი არის 70 თეთრი. მიკროზონების მიხედვით, ფასი თეთრ ყურძენზე არის 80 თეთრიდან ლარამდე. ეს ეხება ძირითადად კახურ მწვანეს. უფრო მეტია ქისის შემთხვევაში. ფასი საფერავზე არის 1,50 ლარი და ზემოთ. სტანდარტული საფერავის ფასი არის 1,50 ლარი. მუკუზნის მიკროზონაში ფასი არის 1,50 ლარიდან 2 ლარამდე. ხოლო 2 ლარიდან 2,5 ლარამდე არის ფასი ქინძმარაულის მიკროზონაში. ეს არის მოკლე ინფორმაცია, რომლის მოწოდებასაც ვგეგმავდით. ასევე ჩართულია 100-ზე მეტი კომპანია, რომელიც დღეისათვის რთველის პროცესში იღებს მონაწილეობას და იბარებს ყურძენს. რა თქმა უნდა, კერძო კომპანიებისთვის მნივნელოვანია, რომ ყურძენი იყოს ხარისხიანი,მაქსიმალურად იყოს კონდინციაში. თუმცა სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რთულმა კლიმატურმა პირობებმა, ზაფხულის პერიოდში გვალვებმა, რთველის მიმდინარეობისას წვიმებმა, რაც იშვიათი დამთხვევაა, გამოიწვია დიდი წნეხი, დიდი პრობლემები ხარისხთან დაკვშირებით და ამან გადამუშავების კუთხით, გარკვეული ჩამორჩენა გამოიწვია, შარშანდელ წელთან შედარებით,"-განაცხადა მინისტრმა.
როგორც ლევან დავითაშვილი განმარტავს, შარშან ამ დროისთვის 100 000 ათასი ტონა იყო გადამუშავებული, რაც წელს 30 000 ტონით ნაკლებია. თუმცა მომავალ კვირას, პროგნოზის გათვალისწინებით, მინისტრი იმედოვნებს, რომ შარშანდელ მაჩვენებელთან დაწევა მოხერხდება.
"საბოლოო პროგნოზი არის დაახლოებით შარშანდელისმაგვარი. შარშან თქვენი იცით, რომ დაახლოებით 250 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა და წელსაც მოვახერხებთ ყურძნის წარმატებით დაბინავებას. გუშინაც გვქონდა კომპანიებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა. რეგულარულად ვხვდებით ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, რომ მაქსიმალური იყოს კოორდინაცია და ეს გამოწვევები კერძო სექტორთან ერთად დავძლიოთ. აღვნიშნეთ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ. კერძო ბიზნესს, ღვინის კომპანიებსაც აქვთ როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური პასუხისმგებლობა და მე მოვუწოდე კომპანიებს, ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში, მათ შტაბთან კოორდინირებულად იმუშაონ. უნდა აღინიშნოს, რომ ფერმერებსაც აქვთ პასუხისმგებლობა და აქ ყველა მონაწილეს გვაქვს პასუხისმგებლობა, ეს უნდა გავაცნობიეროთ, რადგან, როდესაც გვინდა ჩაბარება, მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიც იყოს ადეკვატური. ამიტომ ხარისხიან ყურძენს ექნება მეტი ფასი, ეს არის საბაზრო პრინციპები და ჩვენ საბაზრო პრინციპების დარღვევას არ ვაპირებთ", - დასძინა დავითაშვილმა.