ეს იქნება ძალიან ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის მესიჯი, თუკი ჩვენ ბიზნესებსა და ხალხებს შორის იქნება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, რომელსაც ამერიკული კომპანია მოემსახურება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი და ორ ავიაკომპანიასთან გამართული მოლაპარაკებები შეაჯამა.
"ჩვენი ვიზიტი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დავიწყეთ მოლაპარაკება ორ წამყვან ავიაკომპანიასთან, ეს არის "დელტა "და "იუნაითეთ ლაინი", საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესახებ. ვიზიტი იყო საკმაოდ წარმატებული. ძალიან დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ ორივე კომპანიის მენეჯმენტს საქართველოს შესახებ, ასევე, ვფიქრობთ დავარწმუნეთ, რომ ამ მიმართულებით ფრენების დაწყება არის საინტერესო მათთვის და მიმზიდველი, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ჩვენთვის აშშ-ი არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ეს იქნება ძალიან ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის მესიჯი თუკი ჩვენ ბიზნესებსა და ხალხებს შორის იქნება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, რომელსაც ამერიკული კომპანია მოემსახურება. რასაკვირველია, ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელიც მრავალ კომპონენტს და ეტაპს მოიცავს. მთავარი დიალოგი დაიწყო და ჩვენ ვართ განწყობილი იმედიანად და პოზიტიურად, რომ მოლაპარაკებებს დავასრულებთ წარმატებით", - განაცხადა ნათია თურნავამ.