არაეფექტურია კონტროლი, ტექნიკური დათვალიერების გავლის შემდეგ ხომ არ განაგრძობს ავტომობილი ჰაერის დაბინძურებას, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც მის ანგარიშს უსმენენ.
მისივე თქმით, ეფექტიანი მონიტორინგისთვის საჭიროა, საპატრულო პოლიციას შესაბამისი აპარატურა ჰქონდეს, რომელიც მას ამ ეტაპზე არ გააჩნია.
„პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საპატრულო პოლიცია არის ის ორგანო, რომელმაც უნდა დააჯარიმოს ავტომანქანა, თუკი ის აბინძურებს გარემოს, მაგრამ როცა ვიკითხეთ, როგორ ადგენს საპატრულო პოლიცია ამას, მას ნამდვილად არ აქვს შესაბამისი აპარატურა, რომელიც გაზომავდა, აფრქვევს თუ არა კონკრეტული ავტომანქანა ჰაერის დამაბინძურებლებს და შესაბამისად, გამოიყენებდა ჯარიმას. შეიძლება გაიაროს ავტომანქანამ ტექდათვალიერება, მაგრამ თუ ის კვლავ აბინძურებს გარემოს, ამის დადგენა არ ხდება და არაეფექტურია კონტროლი, ტექნიკური დათვალიერების გავლის შემდეგ ხომ არ დაზიანდა ავტომანქანა და ხომ არ განაგრძობს ჰაერის დაბინძურებას,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
გარდა ამისა, სახალხო დამცველის განცხადებით, დღეისათვის ჰაერის ხარისხის შემოწმების სისტემა გამართული არ არის, რადგან არ არსებობს მონიტორინგის სადგურების საკმარისი რაოდენობა.
როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, ჰაერის დაბინძურების მასშტაბი არ იზომება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.
„დაბინძურება არის მთელი საქართველოს მასშტაბით პრობლემა და ამ მიმართულებით უნდა დაემატოს მონიტორინგის მეტი ცენტრები. გარდა ამისა, მნიშნელოვანია, რომ განისაზღვროს გამწვანების კოეფიციენტი მუნიციპალიტეტებში, სამწუხაროდ, დღეს ეს კოეფიციენტი არ გვაქვს და ამის მაჩვენებელი თუნდაც თბილისის მაგალითზე, ევროპულ ქალაქებთან შედარებით არის დრამატულად დაბალი. მტკვრის ნაწილაკების გამოფრქვევასთან დაკავშირებით რეგულაცია მიღებულია, თუმცა, ის თბილისის მასშტაბით არის მხოლოდ მიღებული და ეს საკითხი მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა დარეგულირდეს,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.