„შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები უმუშევრობის ზრდას, ხელფასების შემცირებას და გარკვეული სექტორის გაჩერებას გამოიწვევს"

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის თქმით, შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები უმუშევრობის ზრდას, ხელფასების შემცირებას და გარკვეული სექტორების გაჩერებას გამოიწვევს.

როგორც ვეფხვაძემ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, კანონის პროექტის „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ინიციატორებს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია, არ აქვთ წარმოდგენილი კანონპროექტის ეკონომიკური გავლენის შეფასება და ამასთან კანონპროექტი ისეთ სტანდარტებს აწესებს, რომელიც ევროკავშირის დირექტივებში გათვალისწინებული არაა.

"ვხედავთ სამ ძირითად პრობლემას. პირველი, შემოთავაზებულ კანონპროექტს არ ახლავს ეკონომიკური დასაბუთება და შესაბამისად, როგორც ჩანს, კანონპროექტის ინიციატორებს არ აქვთ წარმოდგენა, რა ნეგატიური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს მას ეკონომიკასა და ბიზნესზე. მეორე ის, რომ შემოთავაზებულ კანონპროექტს შემოაქვს იმაზე მაღალი სტანდარტები, ვიდრე ეს ევროდირექტივებითაა გათვალისწინებული, ამიტომ ჩვენთვის გაუგებარია, რატომ ვიღებთ იმაზე მაღალ სტანდარტებს, ვიდრე ეს ევროკავშირის ქვეყნებშია. მესამე, მიუხედავად იმისა, რომ თავად ავტორებს შეფასება არ აქვთ, ჩვენ ბიზნესთან გვქონდა კომუნიკაცია და იმის მიუხედავად, რომ კანონპროექტის ავტორს კეთილი სურვილი აქვს, შეიძლება ამ ცვლილებებმა გამოიწვიოს უმუშევრობის ზრდა, ხელფასების შემცირება და კონკრეტული ინდუსტრიების საერთოდ გაჩერება, შესაბამისად, საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი, რამაც ბუნებრივია, ქვეყნის განვითარება შეიძლება შეაფერხოს," - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, საქართველოს შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, რომელთა განხილვის დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება, სხვა საკითხებთან ერთად, შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა/აკრძალვა, შეთავსებით მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისათვის შეზღუდვების დაწესება და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოვება.

ცნობისთვის, ამჟამად საქართველოს ბიზნესასოციაციის ოფისში, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ცვლილებების პროექტი განიხილება.