ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის საშრობ-სასაწყობო საწარმო ამოქმედდა.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, საწარმოს თხილის საშრობის წარმადობა 1 000 ტონას, ხოლო შესანახი მეურნეობის - 500 ტონას შეადგენს. საწარმოში მუდმივად 17 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. თხილის საშრობ-სასაწყობო ახალი საწარმო სამეგრელოს რეგიონში, ყოველწლიურად, დაახლოებით 300 ფერმერს მოემსახურება. იგეგმება წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანაც.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, რეგიონში თხილის გამრჩევი, საშრობი და სასაწყობო (HDS) საწარმოს არსებობა მნიშვნელოვანია თხილის ხარისხის შესანარჩუნებლად. აღნიშნული სერვისი თხილის მცირე მწარმოებლებს საშუალებას აძლევს შეინარჩუნონ მაღალი ხარისხისა და შესაბამისად, მაღალი ღირებულების მოსავალი.
„სოფელ კოკში გახსნილი ახალი საწარმო სახელმწიფოს, დონორ ორგანიზაციებს და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია. სამინისტრო კვლავ გააგრძელებს ფერმერებისა და მწარმოებლების მხარდაჭერას. გაგრძელდება ყველა ის პროექტი, რომელიც გადამმუშავებელი წარმოების განვითარებას ემსახურება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.
ახალი საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, AgriGeorgia/Ferrero-სა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით შეიქმნა. ჯამური ინვესტიცია შეადგენს 770 000 ლარს, საიდანაც 285 000 ლარი სახელმწიფო გრანტია, ხოლო დანარჩენი თანხა დონორებისა და ბენეფიციარის წილია.
საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილთან ერთად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ დაათვალიერეს.
2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, დაფინანსდა 200 ახალი საწარმო, აქედან სამეგრელოს რეგიონში - 24. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ, მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია, ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.