საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული ანალიტიკოსის, ნიკა ნანუაშვილის შეფასებით, საქართველოს შრომით კანონმდებლობაზე დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც ზეგანაკვეთურ მუშაობას კრძალავს, ხელფასების შემცირებას გამოიწვევს.
„იმ პირობებში, რომ სამუშაო ძალის პროდუქტიულობა ძალიან დაბალია, სამუშაო საათების შემცირება ავტომატურად გამოიწვევს ხელფასების შემცირებას და ეკონომიკაში თითოეული დასაქმებულის შენატანს შეამცირებს. არაერთი სექტორია, სადაც ცვლაში მუშაობასთან დაკავშირებით სპეციპიკური განრიგებია და ჩვენ შემთხვევაში გამონაკლისების და ზეგანაკვეთური მუშაობის აკრძალვა დიდი პრობლემა იანება," - განაცხადა ნიკა ნანუაშვილმა.
რაც შეეხება ამავე საკანონმდებლო ინიციატივით განსაზღვრულ მინიმალური ხელფასის დაწესებას, ნანუაშვილის თქმით, ნორმატიულ აქტებში შეტანილი ცვლილებები ქვეყანაში საშუალო ხელფასის ზრდას ვერ უზრუნველყოფს.
„დღესაც გვაქვს მინიმალური ხელფასი 20 ლარი, თუმცა თვის განმავლობაში 20 ლარად არავინ მუშაობს. საკითხი ასე დგას - რა უნდა იყოს მინიმალური ხელფასი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ეს დათვლადია, თუმცა დათვლის შემთხვევაში ჩვენ შეიძლება მივიღოთ მაჩვენებელი, რომელიც ქვეყანაში არსებულ მინიმალურ ხელფასზე ბევრად ნაკლები იქნება. კარგია, თუ ქვეყნის ეკონომიკა იძლევა საშუალებას, რომ მინიმალური ხელფასი მაღალი იყოს , მაგრამ არცერთი ნორმატიული აქტი, არცერთ კოდექსში ცვლილება, ვერ უზრუნველყოფს საშუალო თუ მინიმალური ხელფასის ზრდა ქვეყანაში. ამას უზრუნველყოფს მხოლოდ ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარება," - განაცხადა ნიკა ნანუაშვილმა.