დეველოპერულმა კომპანია „m2 უძრავი ქონებამ“ სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ის“ პირველი ნაკადის გამოშვების საზეიმო ცერემონია გამართა.
ცერემონიას ესწრებოდნენ m2-ის, სამშენებლო კომპანია BK Construction-ის, ადგილობრივი მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერთიფიკატები. ასევე მოხდა მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება. ამიერიდან, ისინი m2-ის დიდი ოჯახის წევრები არიან და BK construction ის გამოცდილ კადრებთან ერთად გააგრძელებენ პროფესიულ ზრდას.
„კონსტრუქტ2“ ქვეყანაში ერთადერთი სასწავლებელია, რომელიც მშენებლობის მიმართულებით არა მხოლოდ უმაღლესი დონის განათლებას იძლევა, არამედ ზრუნავს კურსდამთავრებულების წამყვან სამშენებლო კომპანიაში დასაქმებაზე, რაც მათი პროფესიული დახელოვნების უპირობო გარანტიაა. „კონსტრუქტ2-მა“ პირველი მსმენელები მიმდინარე წლის გაზაფხულზე მიიღო. აქ სასურველი სამშენებლო ხელობის დაუფლება 18 წელზე უფროს ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
„ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულო დღეა, რადგან პირველი ნაკადის დასკვნით ღონისძიებას ვმასპინძლობთ. მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს ხელოსნები არიან სამშენებლო სფეროს მომავალი და მოხარულები ვართ რომ ჩვენს სამშენებლო კომპანიაში დასაქმდებიან. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ პროფესიული განათლებით შეიძლება იმ აუცილებელი უნარებისა და თვისებების შეძენა, რასაც მშენებლობის თანამედროვე სტანდარტი მოითხოვს. მათ შორისაა, შრომის უსაფრთხოება, რაც ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტულია. ჩვენი მიზანია, „კონსტრუქტ2-ის“ კურსდამთავრებულები შრომის ბაზარზე უკონკურენტო სამუშაო ძალად იქცნენ და ერთად შევიტანოთ წვლილი სამშენებლო სფეროსა და ქვეყნის განვითარებაში“, - ამბობს m2-ის მმართველი შოთა ბერეკაშვილი.