რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, ტურისტულად დატვირთული დასახლებების მართვის განსხვავებული მოდელი მომზადდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ასეთი მოდელის შემუშავება კურორტების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა განაპირობა, რომლებიც მეტწილად თვითმმართველობებში არასაკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსით არის გამოწვეული.
უწყების ინფორმაციით, სამინისტროს მიერ შემუშავებული მოდელის სამართლებრივი საფუძვლისთვის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტი მომზადდა, რომელიც განსახილველად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.
„იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გაიზიარებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს, მუნიციპალიტეტებს მიეცემათ შესაძლებლობა, საკრებულოების გადაწყვეტილებით, შექმნან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მუნიციპალური სერვისების მიწოდებაზე. ეს სერვისებია - ტერიტორიის კეთილმოწყობის და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება, ქუჩების დასუფთავება და ნარჩენების მართვა, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა, პარკირების უზრუნველყოფა, მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობაზე ზედამხედველობა, გარე რეკლამის განთავსების ადმინისტრირება. ამასთან, სსიპ-ს მიეცემა ისეთი უფლებები, როგორებიცაა: ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება, გარე ვაჭრობის ადმინისტრირება, გამოფენების, ბაზრობების გამართვის ორგანიზება, საჯარო ადგილების გამწვანება, უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა და სხვა.
ეფექტიანი საჯარო მმართველობის განხორციელება, მოსახლეობისა და დაინტერესებული მხარეებისთვის სერვისების შეუფერხებლად მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ მუნიციპალიტეტებში, სადაც არსებობს სწრაფი ეკონომიკური განვითარების პირობები, მზარდია ტურიზმი და ინვესტიციების მოცულობა. შესაბამისად, მსგავსი უფლებებით აღჭურვილი მართვის ორგანო აუცილებელია ისეთი ტიპის საკურორტო თუ ტურისტულად აქტიური დასახლებებისთვის, როგორებიცაა ბაკურიანი, გუდაური, უშგული, ბახმარო, ურეკი, თუშეთი და სხვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
სამინისტროს ინფორმაციით, დასახლებებს, სადაც მართვის ახალი მოდელი უნდა ამოქმედდეს, მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, ხოლო სსიპ-ის დაფუძნების საკითხს დამოუკიდებლად მუნიციპალიტეტი გადაწყვეტს.
ამასთან, მუნიციპალიტეტების უფლება შექმნან სსიპ-ები 2030 წლამდე იმოქმედებს, რის შემდეგაც გადაიხედება ასეთი მოდელის მოქმედების საჭიროება.
„მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების შესასრულებლად, საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესაძლებლობას მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტს აძლევს. ამ ფუნქციის ქვეყნის მასშტაბით გავრცელება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური და ეკონომიკური გაძლიერებისათვის, რაც ხელისუფლების გაცხადებული პრიორიტეტია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.