გლეხს არანაირად არ უნდა უჭირდეს რქაწითელის ჯიშის ყურძნის ჩაბარება გაცილებით უფრო მაღალ ფასად, ვიდრე 70 თეთრია. მაქვს მოსაზრება, რომ ვიღაცებს აწყობთ, რომ რქაწითელის ფასი იყოს შედარებით დაბალი. მსხვილ კომპანიებს, რომელთაც საბრენდე მასალად ან საკონიაკე მასალად უნდათ იაფიანი ნედლეულის შესყიდვა, მათ ხელში უვარდებათ რქაწითელი იმაზე იაფად, ვიდრე გლეხს აქვს სურვილი, ვიდრე შრომა დახარჯა და ვიდრე მისი რეალური ღირებულება შეიძლება იყოს ბაზარზე,“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე, დღეს ყურძნის ბაზარზე არსებულ სიტუაციას, რომელიც მევენახეებისთვის უკვე წლებია პრობლემურია და მიიჩნევენ, რომ ყველაზე გავრცელებული ყურძნის ჯიში რქაწითელი მათი შრომისა და ჩადებული რესურსების გათვალისწინებით 70 თეთრზე ბევრად მეტი უნდა ღირდეს.
დეპუტატი ორ ძირითად პრობლემას გამოყოფს იმის ხაზგასასმელად, თუ რატომ დგება დღეს ქართული ყურძნის ბაზარი იმ ძირითადი გამოწვევის წინაშე, რასაც გლეხების მიერ ტრადიციული მეურნეობის მიტოვება და მევენახეობის დაბალი მოტივაცია ჰქვია.
მისი თქმით, ძირითადი საკითხი ღვინის ხარისხის კონტროლის არარსებობას უკავშირდება. საუბარი ეხება ჩამოსასხმელ ღვინოს, რომლის მთავარ ნედლეულს სწორედ საქართველოში უხვად მოყვანილი რქაწითელი წარმოადგენს. დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ ღვინის ხარისხის კონტროლის გზით რქაწითელის ფასის გადარჩენა შეიძლება, თუმცა, დღემდე ამას არავინ აკეთებს.
„ხელისუფლება რთველის პერიოდში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე იწყებს იმპულსურად მოქმედებას, თუმცა, საჭიროა მიუდგეს ამ საკითხს სისტემურად და გონივრულად. მთავარია შევხედოთ ციფრებს, რომელსაც ყველა უგულებელყოფს და მათი ანალიზი გავაკეთოთ. ჯაჭვი ასეთია - რქაწითელი, რომელიც არის ჩასაბარებელი, სად მიდის, სად იყიდება, რაში სჭირდება მყიდველს და ვინ იყენებს? ჩაბარების შემდეგ ერთ-ერთი მთავარი არხი არის ჩამოსასხმელი ღვინის ბაზარი, ანუ ვგულისხმობ რესტორნებსა და კაფეებს საქართველოს მასშტაბით. საქართველოს ბაზარზე ჩამოსასხმელი სახით ერთი ლიტრი ღვინო ღირს დაახლოებით 5-დან 7 ლარამდეც კი. ამ ღვინოში ძირითად შემთხვევაში გამოიყენება რქაწითელი. საქართველოში რქაწითელის ყურძნისგან დამზადებული ჩამოსასხმელი ღვინის მოხმარება არის დაახლოებით 70-80 მილიონი ლიტრი. ამ რაოდენობის ღვინო რომ დამზადდეს, პრაქტიკულად რთველზე, რაც არის რქაწითელი ჩასაბარებელი, ის მასალა შეიძლება არც კი ეყოს. რეალურად, ესე იგი ხდება ფალსიფიკაცია და დასამალი არ არის, რომ ქართულ რესტორნების უმრავლესობაში არის სავარაუდოდ ფალსიფიცირებული ან უვარგისი ან როგორც ეძახიან გაბევრებული ღვინო. წინააღმდეგ შემთხვევაში, გლეხს წესით ხელიდან უნდა სტაცებდნენ რქაწითელსაც ისევე, როგორც საფერავს. უბედურება სწორედ ის არის, რომ ამას არავინ არ უყურებს. აბა დაიწყოს სახელმწიფომ რეალური კონტროლი რესტორნებსა და კაფეებში, მაშინ უკვე დეფიციტი იქნება რქაწითელის ჯიშის ყურძენი. ამაზე არავინ არ საუბრობს და გლეხებს მერე უხვევენ თვალს და ამბობენ, რომ თურმე 20 ივნისის ღამემ იქონია გავლენა და ა.შ. ჩვენ მოგვიწოდებენ პოლიტიკოსები ნუ ერევითო რთველის საკითხში და ამ დროს თვითონ გამოდიან ოფიციალური სტრუქტურები და ამბობენ, რომ 70 ძალიან კარგი ფასია ყურძნისთვის. ჩარევაა აბა რა არის, როცა თვითონ ისინი განსაზღვრავენ თავისი საუბრით ყურძნის ფასს. რეალობა კი არის სულ სხვა. მე ამაზე ვსაუბრობდი წინა ხელისუფლების დროსაც, რადგან მაშინაც იდგა ფალსიფიკაციის პრობლემა და იგივე გრძელდება დღესაც,“ - აცხადებს ლევან კობერიძე.
მისივე განცხადებით, მეღვინეობის მხარეებში მევენახეთა გაერთიანებები უნდა შეიქნას.
„გლეხს უნდა მისცე საშუალება მან შეძლოს ყურძნის გაყიდვის ადგილამდე ისე მიტანა, რომ არ დასჭირდეს ამდენი შუამავალი რგოლი. წელს კახეთში ყველა ღვინის ქარხანასა და გლეხს შორის არის უამრავი შუამავალი და ადამიანი, რომელთანაც დარწმუნებული ვარ ის მოგება მიდის, რის მესამედსაც არ იღებს გლეხი. თუ სასაქონლო ბირჟები იარსებებს, ეს რგოლი ამოვარდება და რეალურად გლეხს მიეცემა საშუალება, რომ უნდა ქარხანას მიჰყიდოს თავისი მოსავალი, უნდა კერძო პირს. მათ მიეცემათ საშუალება, რომ ნაკლებ დროში მიაწოდონ იმ სტრუქტურას ყურძენი, რომელიც უზრუნველყოფს გაცილებით უფრო მაღალ ფასს.
როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქვეყანას და მთავრობას უნდა ჰქონდეს ხედვები ინფრასტრუქტურულ და რეგიონალურ განვითარებასთან დაკავშირებით, მათ ეს მხოლოდ გზების დაგება ჰგონიათ. რეგიონული განვითარების კონცეფციაში უნდა შედიოდეს ის, რომ მეღვინეობის მხარეებში შეიქმნას მევენახეთა გაერთიანებებიც“,- აცხადებს ლევან კობერიძე.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ იმ ხარჯების გათვალისწინებით, რაც ყურძნის მოყვანას სჭირდება და ჩაბარების ფასის გათვალისწინებით, გლეხების უმეტესობა ერთწლიანი კულტურების გაშენებას ამჯობინებს. ეს კი, ხელისუფლების არაგონივრული პოლიტიკის პირდაპირი შედეგი იქნება.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.