ქართული კომპანია „პიელ ნატურალსი“ სულ მალე საკუთარ პროდუქციას დუბაიში გაიტანს. საუბარია, თავის მოვლის საშუალებების ბრენდზე, რომელიც ამჟამად უკვე 60-მდე დასახელების პროდუქტს უშვებს. ყველაფერი კი 3 წლის წინ, კაკაოს კარაქის შექმნით დაიწყო.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი თამარ ლომაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, „პიელ ნატურალსი“ საქართველოში იყო პირველი, რომელმაც კაკაოს, შიისა და ქოქოსის კარაქის წარმოება ადგილობრივ ბაზარზე დაიწყო. მისი თქმით, თითოეული პროდუქტი თბილისში, საწარმოს ლაბორატორიაში იქმნება და ყველა მათგანს ინდივიდუალური ფორმულა აქვს. ამასთან, თავის მოვლის ყველა საშუალება ნატურალური და ხელნაკეთია.
როგორც თამარ ლომაძე აღნიშნავს, გარდა იმისა, რომ პროდუქტზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია, მომხმარებელი მუდმივად ახალი ხაზის დამატებას ითხოვს.
„ბაზარზე დაახლოებით, 3 წლის წინ გამოვჩნდით. თავიდან გვქონდა მხოლოდ კაკაოს კარაქი, რომლის რეალიზაციაც ონლაინ ხდებოდა. მოგვიანებით დავამატეთ, შიის და ქოქოსის კარაქი. მას შემდეგ, რაც ჩვენი პროდუქცია მომხმარებელმა გამოსცადა და მთლიანი საქართველო მოვიცავით, ახალ პროდუქტებზე მოთხოვნებიც წამოვიდა. ამჟამად უკვე 60-მდე დასახელების თავის მოვლის საშუალებებს ვაწარმოებთ. საუბარია, კრემებზე, კარაქზე, საპნებზე და აშ. გვაქვს, როგორც ქალის, ისე მამაკაცის და ბავშვის ხაზი. რაც მთავარია, ეს ყველაფერი არის ნატურალური და ხელნაკეთი. სწორედ ამის გამო, ითხოვენ სხვადასხვა პროდუქტის დამატებას. მაგალითად, ძალიან დიდი ხანია მომხმარებელი შამპუნების ხაზს ითხოვს. თუმცა, თითქმის 1 წელია საუკეთესო ფორმულის შემუშავებას ვცდილობთ და ჯერ იდეალურამდე ვერ მივედით, ამიტომ დროში გაგვეწელა. სანამ კონკრეტულ პროდუქტს გამოვუშვებთ, მანამდე ლაბორატორიულად ხდება მისი სხვადასხვა ვარიანტების წარმოება, შემდეგ დატესტვა და აშ. ყველა ფორმულა ინდივიდუალური და ჩვენი შექმნილია. ნედლეული კი იტალიიდან შემოგვაქვს“,- აცხადებს თამარ ლომაძე.
მისივე ინფორმაციით, კომპანია ამაჟამად უკვე 30-მდე ადამიანს ასაქმებს და გაყიდვებსაც, გარდა ონლაინ პლატფორმისა, საკუთარი მაღაზიითა და რამდენიმე გაყიდვის წერტილით ახორციელებს.
„მაშინ როდესაც წარმოება დავიწყეთ, კაკაოს კარაქი შეიძლება ბაზარზე იყო, თუმცა იმპორტირებული. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვიყავით პირველები, ვინც პროდუქტის საქართველოში წარმოება დავიწყეთ. შემდეგ უკვე გამოჩნდნენ კონკურენტები, ვინც მსგავსი პროდუქცის წარმოება, თუ შემოტანა დაიწყეს.
დაახლოებით, ნახევარი წელია, რაც ჩვენი ბრენდის სტენდები გაიხსნა, თუმცა მანამდე, ერთი წლის წინ, ჩვენი პროდუქცია სალონებში შევიტანეთ და უკვე 20-მდე ობიექტში ვართ წარმოდგენილი. გაყიდვების წერილები გვაქვს ასევე ბათუმის „მეტრო სითიში“ და თბილისში ქავთარაძის გუდვილში. სულ ახლახანს კი, ჩვენი ბრენდის მაღაზია თბილისში, აბაშიძეზე გავხსენით“,- აცხადებს თამარ ლომაძე.
რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, სულ მალე „პიერ ნატურალსის“ პროდუცია დუბაიშიც გაიყიდება.
„სამომავლო გეგმებში შედის დამატებით ახალი გაყიდვების წერტილების გახსნა. გვინდა, რომ საქართველოს მასშტაბით სხვადასსხვა სავაჭრო ობიექტში შევიდეთ. გარდა ამისა, მართალია, ქუთაისში და თელავში ჩვენი სტენდები გავაქვს, მაგრამ მაღაზიას ითხოვენ და ვგეგმავთ, რომ 1 წლის ვადაში ეს ორი ქალაქიც მოვიცვათ.
რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, დეკემბრის დასაწყისში ჩვენს პროდუქციას დუბაიში გავიტანთ და ვიქნებით ერთადერთი კომპანია, ვინც დუბაიში ნატურალურ პროდუქციას საქართველოს სახელით გავიტანთ. ეს იქნება კარგი ასპარეზი, რომ მსოფლიოს ჩვენი პროდუქცია გავაცნოთ, რადგან დუბაიში გამოფენაზე ყველა ქვეყნის წარმოადგენელი იქნება. რომელი მხარეც უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, მათთან ვითანამშრომლებთ. შემდეგი ნაბიჯი კი უკვე ევროპის მიმართულებით იქნება, სადაც ნატურალური პროდუქცია განსაკუთრებით ფასობს“,-აცხადებს თამარ ლომაძე.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას შეკვეთა ასევე ჰქონდა ირანიდან, სადაც პროდუქცია სხვა კომპანიის შუამდგომლობით გავიდა. როგორც თამარ ლომაძე აცხადებს, „პიელ ნატურალსმა“ ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ ახლა უკვე კომპანია მეორე, გაცილებით დიდი შეკვეთის გაგზავნისთვის ემზადება.