„საკუთარ შეცდომებს არ შევუშინებივარ“ - რატომ გადაწყვიტა ახალგაზრდა ქალმა ზუგდიდში „მწვანე სახლის“ გახსნა

ერთ დღესაც ზუგდიდელმა ქალბატონმა თიკა დიდიშვილმა სტუმარმასპინძლობის ქართული ტრადიცია, სტუმრების მიღების მისეული წესები გადაწყვიტა, ბიზნესად გადაექცია. სახლი, რომელშიც ცხოვრობდა, სასტუმროდ გადაექცია. ამისკენ წლების წინ მეგობარმა უბიძგა.

„2004 წელს სტუმრად ჩემი უცხოელი თანამშრომელი მყავდა, მაშინ არასამთავრობო ორაგნიზაციაში ვმუშაობდი, ზუგდიდში ვერსად დავაბინავე და სახლში წამოვიყვანე. ჩემთან მოსულს კი, ასეთი იდეა გაუჩნდა - არ გინდა, პატარა საქმე დაიწყო და შენი სტიუმართმოყვარეობა ბიზნესად აქციოო? იმ პერიოდში სასაცილოდ მომეჩვენა, თუმცა ვერ გეტყვით, რომ თავში არ დამიჯდა. რამდენიმე თვეში ერთი ოთახი გავაქირავე, ჩამოსულ სტუმარს ვუმასპინძლე. იმდენად საინტერესო იყო მასთან ერთად საუბარი, ვახშმის მომზადება, იდეების გაზიარება, რომ ნელ-ნელა გაფართოებაზეც ვიფიქრე. 2006 წლამდე 2 ოთახი მქონდა დატვირთული, თუმცა ამ საქმისთვის აქტიური სახე არ მიმიცია. 2006 წელს კი სახლი მუდმივად გავაქირავე და საცხოვრებლად ქირით წავედი, რადგანაც ისეთი წინადადება მივიღე, თუ ამას იჯარით გავაქირავებდი და შემოსულ თანხას დავაგროვებდი, სახლს სასტუმროს სახეს უფრო მივცემდი.

ერთ წელიწადში ჩემს სახლს ისევ დავუბრუნდი, სველი წერტილები დავამატე და გავაქტიურდი. უკვე მცირე მეწარმედაც დავრეგისტრირდი. განვათავსე ქსელში ჩემი ინფორმაცია, სავიზიტო ბარათები გავაკეთე და ორგანიზაციებში დავტოვე. ამასთან, გავიარე ბუღალტერიის, ბიზნესის მართვის კურსები, რომ ყველა ნიუანსი მცოდნოდა და სტუმრი თავისუფლად მიმეღო. საქმე ნელ-ნელა წინ მიიწევდა. რაც მეტ სეგმენტს ვამატებდი, უფრო მიმზიდველი ხდებოდა სასტუმრო სახლი. ოთახების დამატების შემდეგ, დავამატე გასტრონომიული ნაწილი, ველოსიპედების გაქირავება,“ - გვიყვება თიკა დიდიშვილი, რომელიც პროფესიით აგრონომია, მცენარეთა დაცვის სპეციალისტი და თუმცა მეორე პროფესიაც აქვს - ინჟინერ-პროგრამისტი გახლავთ.

ამჯერად სამეგრელოს რეგიონში სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქმიანობს, სოფლის მეურნეობის დარგში მობილიზატორია.

- სტუმრებისთვის კერძებს თქვენვე ამზადებთ?

- თავიდან მათთან ერთად ვამზადებდი - ჩემთან ერთად იყვნენ ამ საქმეში ჩართულები, ბოლოს ერთადაც ვაგემოვნებიდით. რაც შეეხება პროდუქტს, ხელშეკრულებები გავაფორმე კოოპერატივებთან, ფერმერებთან (ვისაც ვენდობოდი) და პროდუქციას მათგან ვყიდულობდი. დღემდე ასეა.

წელს მეგრული კერძების პოპულარიზაციის მიზმით, მასტერკლასიც მქონდა. სტუმრებს ძალიან მოსწონთ ჩემი აჯიკა. ახლა ის ბრენდად უნდა ვაქციო. დავიწყე ამისთვის მომზადება. სურსათის ეროვნულ სააგენტოში მონაცემები მივიტანე. ამ პროდუქტით ფართო ბაზარზე გასვლას არ ვაპირებ, აჯიკა მხოლოდ ჩემი სტუმრებისთვის იქნება.

- წლების წინ დაწყებულ საქმეში რა იყო რისკები?

-დიდი რისკის წინაშე ვიდექი, რადგანაც ეს საქმიანობა იმ პერიოდში დავიწყე, როცა ზუგდიდში პრობლემა იყო - შუქი, წყალი, ინტერნეტი, საერთოდ, არასტაბილური სიტუაცია იყო. თან, ყველაფერს ჩემს შეცდომებზე ვსწავლობდი, გვერდით არავინ მყავდა ისეთი, ვინც რჩევას, მითითებას მომცემდა.

- სასტუმროს „მწვანე სახლი“ რატომ დააქვით?

- ჩემი სახლი ზუგდიდში პირველი შენობა იყო, რომელიც სხვაფრად შეიღება, რადგანაც შენობების უმეტესობა ან აგურის იყო, ან თეთრად და რუხად შღებილი - სამეგრელოში ეს ფერები დომინანტობს. პირველები ვიყავით, რომლებმაც სახლი მწვანედ შევღებეთ. თავიდან ყველას უკვირდა, მაგრამ მალე შეეგუვნენ. თან, სიმწვანეს იმითაც ამართლებდა, რომ სულ მწვანეში იყო ჩაფლული.

- წლების შემდეგ რამდენად კმაყოფილი ხართ შედეგებით?

- ხალხთან ურთიერთობა მიყვარს, ამ საქმიდან კი უამრავ ადამიანთან მაქვს კონტაქტი. თან, ყველა ერთმანეთისგან განსხვავებულია და ისინი მხოლოდ საქართველოდან კი არა, მსოფლიოს სხვადსხვა კუთხიდან გვსტუმრობენ. რამდენიმესგან მიწვევა მაქვს მიღებული, ჩვენ შორის მეგობრული ურთიერთობებიც დამყარდა, დავუახლოვდით.

გარდა ამისა, გავძლიერდი, თავდაჯერებული გავხდი, უფრო შევიცვალე, მეტად აქტიური ვარ. თუ არ ვიაქტიურე, კონკურენცია დიდია.

- სასტუმრო სხვასხვაგვარ სერვისს მოიცავს, რამდენად გაქვთ ეს ყველა სერვისი თქვენს სასტუმროში? ანუ ადამიანური რესურსი საკმარისია? არავის იხმართ?

- არ არის საკმარისი, მაგრამ წინასწარ უნდა ვიცოდეთ, სტუმარს რა სერვისი სჭირდება, რომ საჭირო ადამიანები გამოვიძახოთ, რომლებიც გარკვეულ სერვისებს შეასრულებენ. თუ სტუმარი გაუფრთხილებლად მოვიდა და რაიმე დამატებით მოითხოვა, არც ეს არის რთული. წლის განმავლობაში 1200-მდე სტუმარს ვმასპინძლობ. თუკი მაქვს ოთახების საშუალება, უკან არავის ვუშვებ და მის მატერიალურ შესაძლებლობასაც ყოველთვის ვითვალისწინებ.

ერთი შენიშვნა მომცეს, არ დაარქვა საოჯახო სასტუმრო, საოჯახო სახლიაო, მაგრამ მაინც მგონია, რომ საოჯახო სასტუმროა, რადგანაც ჩემთან იმის საშუალებაა, რომ სტუმართან ერთად შემწვარ კარტოფილზე შეგვიძლია დავსხდეთ და ამას სასტუმროში ვერ გააკეთებ.

- არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასეთ რისკებს არ სწევენ იმ მიზეზით, რომ შინ უცხო ადამიანებს არ უშვებენ, რათა ზედმეტ პრობლემებს ასცდნენ. რას იტყვით ამაზე?

-ძალიან რთულია ასეთმა ადამიანმა ამ საქმეს ხელი მოჰკიდოს. თუ ფიქრობ, რომ სახლში კედლები გაგიფუჭდება, არ შეგიძლია, რომ შენ გვერდით კიდევ ვინმე მოძრაობს, მაშინ ეს საქმიანობა ძალიან გაგიჭირდება. უნდა მოემზადო იმისთვის, გინდა, თუ არა სხვასთან ურთიერთობა, შენი ბიზნესი და შემოსავალი გქონდეს. თუ გინდა, ეს უნდა დაძლიო. სხვანაირად არაფერი გამოვა.

- რაიმე გრანტით თუ გისარგებლია?

- თავიდან ყველაფერს საკუთარი თანხებით ვაკეთებდით. სესხები აუცილებლად უნდა იყოს დაბალპროცენტიანი, თუ სესხი არ აიღე, ისე ვერაფერს გააკეთებ. მთავრობისგანაც გარკვეული შეღავათები უნდა გვქონდეს. არ შეიძლება, სახანძრო უსაფრთხოებაზე 5.000 გადაიხადო. თანხები ისე უნდა იყოს გადანაწილებული, რომ გარკვეული შეღავათები გვქონდეს და მეწარმეს ის თანხები მძიმედ არ დააწვეს.

რაც შეეხება გრანტებს - „იუესადიმა“ გასცა 10 000 ლარი, მაგრამ ეს იყო დაბრუნებადი თანხა პროცენტის გარეშე. საჩუქრად მივიღე გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციისგან 5.300 ლარის ოდენობით თანხა, რითაც კარვები და ველოსიპედები დავამატე. გარდა ამისა, ფინანსთა აკადემიაში ტრენინგები გავიარე, ასევე ტოსკანაში აგროტურიზმის მიმართულებით მათ წამიყვანეს...

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, დღეს ამ საქმეში ბევრ დამწყებ ადამიანს ვაძლევ მიმართულებას. მე, როგორც გითხარით, ასეთი ადამიანი, როცა დავიწყე, გვერდით არ მყოლია, მაგრამ საკუთარ შეცდომებს არ შევუშინებივარ. უმოძრაობას აქტიურობა ყოველთვის ჯობია.

ავტორი: ლალი ფაცია