30 სექტემბრიდან თამარაშვილის ქუჩაზე დაავადებული ფიჭვების სანიტარიული ჭრა იგეგმება

თამარაშვილის ქუჩაზე დაავადებული ფიჭვების სანიტარიული ჭრა იგეგმება. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხეები ჭრის გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა.

„ამ გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნულ ქუჩაზე არსებული ფიჭვების გადასარჩენად სხვადასხვა სახის ფიტოსანიტარიული ღონისძიებები განხორციელდა. კერძოდ, შეიწამლა, ჩაუტარდა სანიტარიული სხვლა-ფორმირება, მოეწყო სარწყავი ჯამები და მიეწოდა მინერალური სასუქი. მიუხედავად მიღებული ზომებისა, ფიჭვებზე გავრცელებული დაავადება პროგრესირებს, ამიტომ, მიღებულია გადაწყვეტილება მათი ახალი, დიდი ზომის ნერგებით სასწრაფოდ ჩანაცვლებასთან დაკავშირებით.

30 სექტემბრიდან, სანიტარიული ჭრებისა და ახალი ნერგების დარგვის გარდა, თამარაშვილის ქუჩაზე დაიწყება ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირების ღონისძიებები, გამწვანებულ შუაგამყოფ ზოლში ახალი სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოები, ნოყიერი ნიადაგის შეტანა და ჰიდრო თესვის პრინციპით ბალახის დათესვა“, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.