სამწუხაროდ, ხელისუფლება ძალიან ხშირად სწორედ რეგულაციებზე საუბრობს, იმის ნაცვლად, რომ შრომის ბაზარი პირიქით გაათავისუფლოს და მეტი სივრცე დაუტოვოს დასაქმებულსა და დამსაქმებელს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა „შრომის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მინიმალური რეგულაციები შესაძლოა არსებობდეს, რომელიც შეეხება მაგალითად, რისკიან სამუშაოს, თუმცა ზედმეტი რეგულაცია ყოველთვის არის ბარიერი, საქართველოში კი დასაქმების კუთხით ვითარება მძიმეა.
"ძალიან ძნელია წარმოდგენა ასეთი რეგულაციის თუ როგორ უნდა განხორციელდეს ის. მაგალითად, ეს ეხება პროგრამისტს, აპლიკაციაზე მიბმულ ტაქსის სერვისს და სხვას. ასეთი ტიპის რეგულაცია გამოწვევს ბევრ გაუგებრობას და ადამიანებს შეექმნებათ ძალიან ბევრი პრობლები. მაგალითად, სამედიცინო სფეროში ეს არის ძალიან თვალნათელი. ჩვენ ვიცით ძალიან ბევეი ექიმი, იმის გამო, რომ ანაზღაურება არის დაბალი, ცდილობენ რამდენიმე ადგილას იმუშაონ. მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ხელს შეუშლის სამუშაო ადგილების შექმნას და მომუშავე ადამიანებს გაურთულებს მდგომარეობას ", - განაცხადა გიგი წერეთელმა.
„ევროპულ საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ თუ ხელისუფლებას ადამიანების დახმარება სურს, უნდა დაწიონ გადასახადები და ამ გზით, მეტი ფული დაუტოვონ მათ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, რომელთა განხილვის დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება, სხვა საკითხებთან ერთად, შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა/აკრძალვა, შეთავსებით მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისათვის შეზღუდვების დაწესება და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოვება.