სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელს თსუ-ს რექტორმა, უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 23829.13 ლარი, მისი ავტორობით აშშ-ში გამოცემული წიგნების შესყიდვაზე კანონმდებლობის დარღვევით დახარჯა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014 – 2017 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა დარღვევებთან ერთად, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხარვეზებზეა საუბარი.
კერძოდ, როგორც აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებებით, 2014 წლის განმავლობაში რექტორს საქვეანგარიშოდ ეტაპობრივად გამოეყო ჯამურად 13538.32 აშშ დოლარის ეკვივალენტი - 23829.13 ლარი, მისი ავტორობით აშშ-ში გამოცემული წიგნების კომპანია Nova science publishers-გან შესაძენად. აღნიშნულ შესყიდვაში აუდიტის სამსახური ინტერესთა კონფლიქტს ხედავს, რამდენადაც თსუ-ს რექტორი ერთდროულად მიმწოდებელიც იყო და შემსყიდველიც.
„აღნიშნული შესყიდვები განხორციელდა კანონმდებლობის დარღვევით, კერძოდ: შესყიდვების განხორციელების პროცესში მიმწოდებელს წარმოადგენდა ფიზიკური პირი (რექტორი) და არა კომპანია Nova science publishers (ამ კომპანიასთან თსუ-ს რაიმე სახის სამართლებრივი ურთიერთობა არ გააჩნდა).შესყიდვების განხორციელებისას წარმოიშვა ინტერესთა კონფლიქტი, რადგან მიმწოდებელი იმავდროულად იყო შემსყიდველი (თსუ-ის რექტორი) და მოცემული შესყიდვის ინიციატორი,”-აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშის თანახმად, წიგნების შეძენის ინიციატივა თავად რექტორს ეკუთვნოდა. ის ინიციატივის თაობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელისადმი წერილობით მიმართვებში მიუთითებს, რომ თუ წიგნები შეძენილი იქნება უშუალოდ ავტორის მიერ, შესაძლებელია ფასდაკლება და აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნდა, რომ წიგნები შეძენილი ყოფილიყო პირადად მის მიერ. წიგნების შესაძენად თანხა ჩაირიცხა რექტორის პირად ანგარიშზე და მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, აღნიშნული წიგნები შეძენის შემდგომ გადაეცა თსუ-ს.
აუდიტის სამსახრის შეფასებით, თსუ-ის რექტორმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე მიწერილი ზემოაღნიშნული წერილებით მოახდინა ზეგავლენა, რითაც დაარღვია კანონმდებლობის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, დაუშვებელია პრეტენდენტმა ან მიმწოდებელმა სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ პირზე პირდაპირ ან არაპირდაპირ მოახდინოს ზეგავლენა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ცნობისთვის, 2013-2016 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოზიციას ვლადიმერ პაპავა იკავებდა.