გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის (SGS Institut Fresenius - https://www.institut-fresenius.de/en/) დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა. ამის შესახებ განცხადებას მარნეულის სასურსათო ქარხანა ავრცელებს.
"როგორც განვაცხადეთ, 23 აგვისტოს კომპანიამ თავისი წარმოების დალუქული ტრადიციული წითელი ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიაში (SGS Institut Fresenius - https://www.institut-fresenius.de/en/) გააგზავნა. მარნეულის სასურსათო ქარხანამ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა, იმისათვის, რომ მათი ზედამხედველობით ტრადიციული წითელი ტყემლის ნიმუშების აღება და დალუქვა მომხდარიყო. კომპანიამ სხვადასხვა თარიღით წარმოებული პარტიიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემთხვევის პრინციპით შერჩეული და დალუქული რამდენიმე ბოთლი გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნა.
როგორც საზოგადოებას და ჩვენს მომხმარებელს დავპირდით, ანალიზის შედეგების მოსვლისთანავე სრულად ვაქვეყნებთ ლაბორატორიის დასკვნას, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ აღნიშნულ პროდუქტში არ აღინიშნება არავითარი კვალი არასაკვები საღებავის - სუდან 1-ის ელემენტების. კომპანიამ პროდუქტი ამ ნივთიერების ფართო სპექტრზე შეამოწმა და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ტრადიციული წითელი ტყემალი არ შეიცავს სუდან 1-ის არცერთ ელემენტს.
ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორია (SGS Institut Fresenius) გერმანიაში მდებარეობს და 155 წლიანი გამოცდილება აქვს. ლაბორატორია სანდო პარტნიორია მომხმარებლებისთვის და მწარმოებლებისთვის როგორც გერმანიაში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. ლაბორატორია კვლევებისა და ანალიზების სფეროში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და ამ მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.
ჩვენ, როგორც დიდი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია მადლობას ვუხდით ჩვენს მომხმარებელს და საზოგადოებას ერთგულებისთვის, ნდობისთვის და მოთმინებისთვის!
გაცნობებთ, რომ ქარხანაში ნედლეულის მიღების სეზონი დასრულებულია და ჩვენს საწყობებში ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია შემთხვევითობის პრინციპით შეამოწმოს ჩვენი წარმოების ნებისმიერი პროდუქტი.
კომპანია მიესალმება ქართულ ბაზარზე საკვებ ინდუსტრიაში ხარისხის, პროდუქციისა და ნედლეულის წარმომავლობის გამჭვირვალე პროცესებს.
კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდით საზოგადოების ნაწილს, რომელსაც ეჭვი არ ეპარებოდა კომპანიის მიდგომებში ხარისხის მიმართ. როგორც მოგეხსენებათ, კომპანიამ დროებით შეაჩერა ტრადიციული წითელი ტყემლის რეალიზაცია. მარნეულის სასურსათო ქარხანა აგრძელებს განვითარებას და საზოგადოება სულ მალე შეძლებს ტრადიციული წითელი ტყემლის დაგემოვნებას.
გარწმუნებთ, რომ მარნეულის სასურსათო ქარხნის მთავარი პრინციპი არის და იქნება გამჭვირვალობა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომები",-ნათქვამია განცხადებაში.
R