აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ ახალი სანქციები ირანის ეკონომიკას - ცენტრალურ ბანკსა და ეროვნული განვითარების ფონდს, ასევე კომპანია Etemad Tejarate Pars Co-ს შეეხება, რომელსაც ვაშინგტონი ირანის სამხედრო შესყიდვებისთვის განხორციელებილი ფინანსური გადარიცხვების დაფარვაში ადანაშაულებს.
„ეს ყველაზე დიდი სანქციებია, რაც კი ქვეყანას დაკისრებია. ის, რაც ირანს ემართება, ძალიან ცუდია. ის ჯოჯოხეთისკენ მიემართება,“ - აცხადებს დონალდ ტრამპი.
ახალი სანქციების დაწესების მიზეზი საუდის არაბეთის ნავთობ დაწესებულებებზე გასულ კვირას განხორციელებული თავდასხმა გახდა, რაშიც აშშ ირანს ადანაშაულებს. თეირანი კი ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ომი არ სურს, თუმცა ამისთვის მზად არის.
„მიუხედავად აშკარა მცდელობისა, რომ ბრალდება მიჩქმალონ, მტკიცებულებები ირანზე და მხოლოდ ირანზე მიანიშნებს,’’- განაცხადა მაიკ პომპეომ მას შემდეგ, რაც ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ გახდა ცნობილი.