„ბუგატის“ საბავშვო ელექტრომობილი 30 ათას ევროდ იყიდება

კომპანიის დაარსებიდან 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „ბუგატიმ“ საბავშვო ავტომობილის, „ბეიბი II-ის“ პროტოტიპი შეიმუშავა, რომელიც ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული საბავშვო ავტომობილის წოდებას იოლად მოიპოვებს.

კომპანიამ მარტში, ჟენევის მოტორ შოუზე, „ბეიბი II-ის“ 3D პრინტერზე დამზადებული მოდელი წარადგინა და გამოაცხადა, რომ შეზღუდული ტირაჟით მის გამოშვებას გეგმავდა. ეს საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ „ბუგატის“ გამოფენაზევე 500-ვე ეგზემპლარზე მიეღო შეკვეთები. და ეს იმის მიუხედავად, რომ თითოეული მათგანი, 30 000 ევრო (დაახლოებით 33 000 დოლარი) ღირს.

„ბეიბი II-ის“ შესაქმნელად, „ბუგატის“ პარტნიორობას კომპანია „ლიტლ ქარ“ უწევდა. საბავშვო ავტომობილი თითქმის ერთი-ერთში, მასშტაბირებულად იმეორებს 1924 წლის „ტაიპ 35 ლიონ გრან პრის“ ფორმებს და უმაღლეს დონეზეა დეტალიზებული. კლასიკური ავტომობილის მომცრო ასლის, მისი ყველა კომპონენტის დამზადებაში, კომპანიებს ციფრული სკანირების ტექნოლოგია დაეხმარა.

რაც შეეხება ძრავს, ესაა ელექტრული აგრეგატი, რომელშიც ძრავის გარდა გაერთიანებულია ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი, ასევე მუხრუჭების აღდგენის სისტემა.

„ბეიბი II“ არის ლეგენდარული „ტაიპ 35-ის“ 75-პროცენტიანი რეპლიკა, რომლის მართვაც, ბავშვების გარდა, ზრდასრულებსაც შეუძლიათ. ავტომობილი ალუმინის 8-წკირიან ბორბლებზე დგას, რომლებიც „მიშლენის“ საბურავებით არის შემოსილი. ორიგინალური დეტალების შესაბამისად არის დამზადებული წინა ხიდი, საკიდარი და საჭის მექანიზმი.

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საბავშვო ავტომობილი, ძრავის მიხედვით, ორი ვარიანტის სახით არსებობს. ერთი 1-კილოვატიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომლის დახმარებითაც, მისი მაქსიმალური სიჩქარე 20 კმ/სთ-ს აღწევს. მეორე კი უფროსებისთვისაა და ის 4-კილოვატრიანი არის აღჭურვილი. მისი მეშვეობით, ამ ვარიანტის სიჩქარე საათში 45 კილომეტრს აღწევს.

ელემენტების ბლოკი მოსახსნელია. ამ შემთხვევაშიც, არჩევანში ორი ბლოკია. ერთის ტევადობა 1.4 კილოვატსაათია, მეორისა კი - 2.8 კილოვატსაათი. უფრო მოზრდილი ბლოკით, ავტომობილს 30 კილომეტრის გავლა შეუძლია.

კოკპიტიც კლასიკური ავტომობილის შესაბამისად არის დამზადებული და გაფორმებული. მაჩვენებლების დაფას მხოლოდ ელემენტებში არსებული ენერგიის დონის მაჩვენებელი დაემატა.