საქართველოში კიდევ ერთმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ შეიცვალა საქმიანობის სფერო

ერთმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ საქმიანობის სფერო შეიცვალა და მისი ლიკვიდაციაც შეწყდა.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 16 სექტემბრის ბრძანებაშია აღნიშნული.

კერძოდ, სებ-მა თანხმობა მისცა შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სმარტ ინვესტის“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე-სუბიექტად გარდაქმნაზე, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას.

„ეს განკარგულება გაეგზავნოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში,“-აღნიშნულია ბრძანებაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 16 ივლისის განკარგულებით მისო-ს რეგისტრაცია გაუუქმდა და დაიწყო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი.

თაია არდოტელი