მინდა გამოვეხმაურო მედიაში ატეხილ აჟიოტაჟს, „შრომის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით და ცალსახად ვთქვა, რომ ის პოზიცია, რომელიც გააჟღერა "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ცვლილებებთან დაკავშირებით, ცალსახად გააუარესებს მშრომელების მდგომარეობას,-ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ნაცვლიშვილი უმრავლესობის მიერ მომზადებულ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც „შრომის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს ითვალისწინებს. ბექა ნაცვლიშვილი ალტერნატიულ კანონპოექტზე საუბრობს და აცხადებს, რომ პარლამენტმა სწორედ მის მიერ შემუშავებულ ვარიანტს უნდა დაუჭიროს მხარი, რადგან ის ქართულ კონტექსტს არის მორგებული.
"წარმოიდგინეთ, თუ ჩვენ მხოლოდ შეზღუდვებს დავაწესებთ სამუშაო დროზე და მათ ამით ავტომატურად უფლებას წავართმევთ, რომ ორ სამსახურში იმუშაონ, შესაბამისად, არ დავაწესებთ მინიმალურ ხელფასს, ამით მშრომელების მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება. წარმოიდგინეთ ექთანი, რომელსაც აქვს 300 ლარი , რომელიც იძულებულია , ოჯახი არჩინოს და სხვა სამსახურში იმუშაოს, თუ მას ამ უფლებას წავართმევთ და არ დავაწესებთ მინიმალურ ხელფასს, მაშინ, მისი მდგომარეობა ასეთი ცვლილებებით გაუარესდება. ამიტომ, ჩვენ იგივე ცვლილებები, რომელიც ქართულ კონტექსტზე და მშრომელების საჭიროებებზეა მორგებული, დარეგისტრირებული გვაქვს უკვე. ეს გავაკეთეთ საზოგადოებასთან შეხვედრების საფუძველზე, რეგიონებში“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე ახლა ჭიათურაში გაიმართება შეხვედრა, რათა საზოგადოებას გააცნონ ცვლილებები.
„ის ცვლილებები, რომელიც ჩვენს მიერ არის დარეგისტრირეული, არის რეალურად ის, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეცვალოს და გააუმჯობესოს მშრომელთა მდგომარება საქართველოში",-აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.
მისივე თქმით, მის მიერ დაინიცირებული ინიციატივის მიხედვით, მინიმალური ხელფასი 500 ლარით განისაზღვრება, სრული განაკვეთით მუშაობის დროს. ხოლო ზეგანაკვეთურ შრომის ანაზღაურება არა 1.25-ი , არამედ 1.50-ის ოდენობით. ბექა ნაცვლიშვილის თქმით, მის მიერ ინიცირებული კანოპროექტის განხილვა სექტემბრის ბოლოს დაიწყება. ის მოუწოდებს, შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებების ავტორებს გაითვალისწინონ უკვე არსებული გამოცდილება და "ქართულმა ოცნებამ" სწორედ მის მიერ დაინიცირებულ ინიციატივას დაუჭიროს მხარი.