სემეკ-ის წევრის და კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატის დავით ნარმანიას განცხადებით, ბუნებრივი გაზის ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით რაიმე სახის განსაკუთრებული მოლოდინი არ არსებობს.
როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბუნებრივი გაზის სექტორის მიმართულებით კომპანიებს უწევთ ტარიფების გადახედვა, თუმცა მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არაა.
„ბუნებრივი გაზის სექტორის მიმართულებით კომპანიებს უწევთ ტარიფების გადახედვა, თუმცა ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით და ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობით, ზრდასთან დაკავშირებით რაიმე სახის განსაკუთრებული მოლოდინი არ არსებობს. ეს არის ბუნებრივი პროცესი, როცა სემეკ-ის შესაბამისი სამსახურები აკეთებენ განაცხადების შეფასებას, კალკულაციას და ამის შემდეგ მოგვიანებით იქნება საკითხი ცნობილი, თუმცა რაღაც განსაკუთრებული ზრდა, ჩემი აზრით, მოსალოდნელი არ არის", - განაცხადა ნარმანიამ.
რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, ნარმანიას განცხადებით, ამ მიმართულებით ტარიფების გადახედვა არ იგეგმება, რადგან ელექტროენერგიის ტარიფები სამი წლის ვადით არის დადგენილი.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დავით ნარმანიას კანდიდატურას სემეკ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარი დაუჭირა.