კახაბერ გვანცელაძე კვების ბლოკების მონიტორინგს ახორციელებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კვების ბლოკების მონიტორინგი განაახლა. სამზარეულოს მუშაობას, საკვების მომზადებასა და სანჰიგიენური ნორმების დაცვას სააგენტოს ხელმძღვანელი პირადადაც აკონტროლებს. კახაბერ გვანცელაძე მონიტორინგის მიზნით N74, N3, N56 და N84 ბაგა-ბაღებში იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს, 16 სექტემბრიდან ბაღებში საკვების მომზადება დადგენილი სტანდარტების მიხედვით შეუფერხებლად მიმდინარეობს, ამასთან, მოწესრიგებული და განახლებულია სამზარეულოს ინვენტარი, დაცულია სახანძრო უსაფრთხოებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფას 16 სექტემბრიდან ორი ახალი კომპანია ახორციელებს, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის გზით გამოვლინდა. მარცხენა სანაპიროზე არსებულ ბაგა-ბაღებს კომპანია „ეკოლუქსი“, მარჯვენა სანაპიროზე კი კომპანია „ქართული რძის პროდუქტები“ ამარაგებს.