ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია მიმდინარე წელს ვერ განხორციელდება, რამაც ეკონომიკის სამინისტროს ასიგნებები შეამცირა

ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია მიმდინარე წელს ვერ განხორციელდება, რამაც ეკონომიკის სამინისტროს ასიგნებები შეამცირა, - ამის შესახებ „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტშია აღნიშული, რომელიც პარლამენტს დღეს წარედგინა.

კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება 116.5 მლნ ლარით მცირდება, რის ერთ-ერთ მიზეზადაც ის სახელდება, რომ სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებული ელექტროგადამცემი ქსელების და ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტების ათვისების ტენდენციიდან გამომდინარე, ხდება რესურსების გამოთავისუფლება.

„გასათვალისწინებელია, რომ ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციისათვის საჭიროა მათი დროებით გაჩერება, რაც მიმდინარე წელს ვერ განხორციელდებოდა ენერგორესურსებზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით. ასევე ელექტროგადამცემი ქსელების ნაწილში მიმდინარეობდა სატენდერო პროცედურები და აქტიური განხორციელების ფაზამ მომდევნო წელს გადაინაცვლა,“ - აღნიშნულია კნონის პროექტის განმარტებით ბარათში.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ენგურჰესს მიმდინარე წლის 13 მაისს ეწვია. როგორც მან განაცხადა ენგურვარდნილის კასკადის რეაბილიტაცია აქტიური ტემპებით გაგრძელდდებოდა.

„ჩვენ გვაქვს გეგმა, აქტიური ტემპით გავაგრძელოთ ენგურვარდნილის კასკადის რეაბილიტაცია. პირველი ეტაპი 2016 წელს დასრულდა, ახლა დაგეგმილი გვაქვს და ვიწყებთ კვლევას, რომ ენგურვარდნილი გავიყვანოთ მთლიანად თავის დადგმულ საპროექტო სიმძლავრეზე, ისე, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული ჯერ კიდევ წინა საუკუნის 70-იან წლებში - 1640 მეგავატი",- განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც ენგურჰესზე 2018-2021 წლებში დამასრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებას ითვალისწინებს. მათ შორის, „ენგურჰესზე“ სარემონტო სამუშაოების დაწყება 2019 წელს ანონსდებოდა.