ნაკრაში გვყავდა უცხოელი ტურისტები - რუსები, ამერიკელები, შოტლანდიელები, სინგაპურელები, ქართველები ნაკლებად. მესტიას რომ აქვს ცნობადობა, ასეთი ნაკრას ხეობას არ აქვს. ინფორმაციის ნაკლებობაა ჩვენთან დაკავშირებით - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ნაკრაში მცხოვრებმა ეკა ანსიანმა განუცხადა.
ნაკრაში მცხოვრებლების თქმით, ხეობა გამორჩეულია ტურისტული მიმზიდველობით და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულები აღფრთოვანებული რჩებიან ბუნების სილამაზით თუ სტუმართმოყვარე მასპინძლებით, თუმცა ქართველებმა არც კი იციან, რომ მესტიისკენ მიმავალ გზაზე , ქალაქ ზუგდიდიდან 100 კილომეტრის სავალზე, ნაკრას ულამაზესი ბუნებაა.
ნაკრაში ეკა ანსიანის ოჯახს საოჯახო სასტუმრო აქვს. მისი თქმით, უკვე ერთი წელია, რაც სასტუმრო გაიხსნა და სულ დაკავებულია, ძირითადად უცხოელებით. როგორც ანსიანი აცხადებს, თუ ნაკრას ხეობას მეტი ტურისტი ეწვევა, ადგილობრივებს შემოსავალის წყარო გაუჩნდებათ და ნაკლებად ექნებათ მშობლიური მხრიდან სხვა ადგილას საცხოვრებლად გადასვლის სურვილი.
„მესტიას რომ აქვს ცნობადობა, ასეთი ამ ადგილებს არ აქვს. ინფორმაციის ნაკლებობაა ჩვენთან დაკავშირებით. როგორც უფროსებისგან ვიცი, ადრე ნაკრაში ალპინისტების ბაზა იყო და ნაკრას ბევრი ადამიანი სტუმრობდა, ძირითადად ქართველები. განსაკუთრებით სამეგრელოდან მოდიოდნენ სამკურნალო წყლების გამო. თუ ტურიზმი განვითარდება მეტი შემოსავალი გაჩნდება და ადამიანებს ნაკლებად ექნებათ აქაურობის დატოვების სურვილი,“- აცხადებს ეკა ანსიანი.
ძირითადად უცხოელ ტურისტებს მასპინძლობს სასტუმრო „ნაკრაც“. როგორც მისი მფლობელი ნინო ცინდელიანი აცხადებს, მის უცხოელ სტუმრებს ბუნების სილამაზესთან ერთად ადგილობრივი სამზარეულო და წეს-ჩვეულებებიც ხიბლავთ.
„უკვე ერთი წელია, რაც გესთჰაუსი გავხსენი. ძირითადად უცხოელი ტურისტები მყავს. წელს ვუმასპინძლე სტუმრებს ამერიკიდან, გერმანიიდან და უკრაინიდან. ძალიან მოსწონთ ბუნება და ჩვენი სამზარეულო- კუბდარი, ფეტვის ხაჭაპური და ჭვიშტარი. ვფიქრობ, ტურისტებმა ამ ადგილების ნახვასთან ერთად უნდა გაიცნონ აქაური ხალხი. სტუმართმოყვარე, ყურადღებიანი და აბსოლუტურად სანდო.
ნაკრაში ძალიან ბევრი ტურისტულად მიმზიდველი ადგილია, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. ამასთან, მხოლოდ ჩვენს ხეობაში 7-8 სახეობის მჟავე წყალია, მინერალების სხვადასხვა შემცველობით“, - აცხადებს ნინო ცინდელიანი.
მისი თქმით, ტურისტებს განთავსებისა და კვების გარდა, ტრანსპორტით მომსახურებასა და საცხენოსნო ტურებსაც სთავაზობენ გიდის თანხლებით.
ნაკრას ერთ-ერთი სერტიფიცირებული გიდი, ზურაბ დადეშქელიანი აცხადებს, რომ ისურვებდა მეტმა შეიტყოს ნაკრას ხეობის შესახებ, რადგან ამჟამად ტურისტების სიმცირეა.
მისი თქმით, ადგილი, რომელიც ტურისტებმა ნაკრაში აუცილებლად უნდა ნახონ ალპური ზონაა, რომელიც ზღვის დონიდან 3000 მ-მდეა და ამ ადგილიდან განსაკუთრებით კარგად მოსჩანს იალბუზის მწვერვალი. ასევე ტურისტებს ნაკრას ხეობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, 20 მეტრამდე სიმაღლის, ქალდანების საგვარეულო კოშკის ნახვაც შეუძლიათ, რომელიც დაუზიანებლადაა შემონახული.
„ინტერპრესნიუსთან“ ნაკრას ხეობის ტურისტულ პოტენციალსა და ტურიზმის წახალისების საჭიროებაზე საუბრობს სს „ნენკრა ჰიდროს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი ირინა პეტრიაშვილი. მისი თქმით, ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ ნენსკრასა და ნაკრას ხეობების ტურისტული პოტენციალის წახალისების მიზნით, აქტიურ საინფორმაციო კამპანიას მედიასა და სოციალურ ქსელში, ივლისიდან ახორციელებს.
„ჩვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი კომპონენტია ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. ზუსტად ამას ემსახურება ჩვენი კამპანია, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამინმა გაიგოს როგორი არაჩვეულებრივი ადგილებია აქ და როგორი სტუმართმოყვარე ხალხი დახვდებათ, როდესაც ჩამოვლენ,“ - აცხადებს ირინა პეტრიაშვილი.
ცნობისთვის, ნაკრას ხეობაში, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, დღესდღეობით 8 საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს და რამდენიმეს მშენებლობა მიმდინარეობს. სოფელს სერთიფიცირებული სამი გიდი ჰყავს.