მიმდინარე წელს აქციზის გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 175 მილიონი ლარით ნაკლების შესვლას პროგნოზირებენ

მიმდინარე წელს აქციზის გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 175 მილიონი ლარით ნაკლების შესვლას პროგნოზირებენ, - ამის შესახებ „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტშია აღნიშული.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საგადასახადო შემოსავლები - დამტკიცებულ გეგმასთან მიმართებაში არ იცვლება და კვლავაც განისაზღვრება 9 645.0 მლნ ლარით, თუმცა მნიშვნელოვნად დაკორექტირდა მისი კომპოზიცია, მათ შორის შემცირებულია აქციზიდან შემოსავლები, რაც თუთუნის მოხმარების ზრდითაა ახსნილი.

უფრო კონკრეტულად, საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრება 3 150.0 მლნ ლარით (მცირდება 16 მლნ ლარით). საშემოსავლო გადასახადის პროგნოზის შემცირება ძირითადად უკავშირდება დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედებას და სისტემაში პროგნოზირებულზე მეტი ადამიანის დარჩენას; მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 855.0 მლნ ლარით, რაც 74 მლნ ლარით აღემატება დამტკიცებულ მაჩვენებელს.

გადასახადის ამ სახეში დამატებითი მიღებული შემოსავლები გამოწვეულია გადამხდელთა მიერ მოგების პროგნოზირებულზე მაღალი განაწილებით. დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 071.0 მლნ ლარით, რაც 35 მლნ ლარით აღემატება 2019 წლის პირველად გეგმას. გადასახადის ამ სახეში მიღებული შემოსავლების დინამიკა ძირითადად გამოწვეული საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებით.

ამასთან, ნაერთი ბიუჯეტში დღგ გადასახადი იზრდება 43 მლნ ლარით და შესაბამისი 19% მიიმართება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში; აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 287.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც 175.0 მლნ ლარით ნაკლებია 2019 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით. გადასახადის ამ სახეში დანაკლისი გამოიწვია 2019 წლის მანძილზე თამბაქოს მოხმარების სტრუქტურის მნიშვნელოვანმა ცვლილებამ და შესაბამისად თუთუნის მოხმარების (რომლის დაბეგვრა პრაქტიკაში მინიმალური განაკვეთით ხდება) მნიშვნელოვანმა ზრდამ; იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 75.0 მლნ ლარით, რაც 8 მლნ ლარით ნაკლებია თავდაპირველ გეგმასთან შედარებით. განახლებული გეგმა ასახავს იმპორტის არსებულ ტენდენციებს, რაზეც მათ შორის გავლენას ახდენს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები.

ამასთან, საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 956.5 მლნ ლარით განისაზღვრა (2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაჩვენებელს 92.8 მლნ ლარით აღემატება) მათ შორის: შემოსავლები - 10 540.4 მლნ ლარი (დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 52.7 მლნ ლარით).