აშშ პოლონეთთან სავიზო რეჟიმს გააუქმებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პოლონელ კოლეგა ანდჟეი დუდასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მალე აშშ პოლონეთთან სავიზო რეჟიმს გააუქმებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ „თეთრ სახლზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს პრეზიდენტებმა თავდაცვის, უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.

”პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ დუდას განუცხადა, რომ ის უახლოეს კვირებში პოლონეთის უვიზო მიმოსვლის პროგრამაში ჩართვის შესახებ განაცხადებს”, - ნათქვამია „თეთრი სახლის“ განცხადებაში.

ტრამპმა და დუდამ გუშინ, ორმხრივ შეხვედრამდე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ერთობლივ დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი.

შეხვერდაზე დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ პოლონეთში 1 000 ჯარისკაცს გააგზავნის. აღსანიშნავია, რომ აშშ-მ ეს გადაწყვეტილება პოლონეთის თხოვნის საფუძველზე მიიღო, რომელიც ამ ქმედებას რუსეთის მხრიდან პოტენციური საფრთხის შემაკავებელ ზომად განიხილავს.

აშშ-სთან სავიზო რეჟიმის გაუქმება პოლონეთის მოქალაქეებს უფლებას მისცემს, ქვეყანაში ტურისტული და ბიზნეს მიზნით უვიზოდ ჩავიდნენ და იქ 90 დღის განმავლობაში დარჩნენ.