სტარტაპს, რომელიც მართვას გონებით ახორციელებს, Facebook-ი ყიდულობს

სოციალური ქსელი Facebook-ი აპირებს შეიძინოს სტარტაპი CTRL-Labs. როგორც სააგენტო Bloomberg-ი წერს, ნიუ-იორკში ბაზირებული კომპანია მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელიც ადამიანებს კომპიუტერის მართვას გონების საშუალებით შეაძლებინებს.ამ სტარტაპის შესაძენად კი მარკ ცუკერბერგის კომპანია მზადაა გადაიხადოს 500 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე.

CTRL-Labs-ის ნამუშევრებს შორისაა სამაჯური, რომლის დახმარებით ადამიანს შეუძლია კომპიუტერზე კლავიატურის დახმარების გარეშე ბეჭდოს. გაჯეტი ითვლის იმ სიგნალებს, რომელიც მოდის ტვინიდან ხელში და ტექსტის ასაკრეფად საკმარისია მაგიდაზე დაკაკუნება.

როგორც Bloomberg-ი წერს, მსგავსი ტექნოლოგიები სამომავლოდ შესაძლოა, გახდეს მნიშვნელოვანი დამატება, მაგალითად, ვირტუალური რეალობის სათვალეებში. მათი დახმარებით ადამიანებს შესაძლოა, მოუნდეთ კომპიუტერზე ბეჭდვა ღილაკებისა და კლავიატურის გარეშე.

როგორც ცნობილია, Facebook-ი ინტენსიურად მუშაობს დამატებითი რეალობის ტექნოლოგიაზე. ჯერ კიდევ 2017 წელს კომპანიამ დაანონსა ახალი ინტერფეისის შექმნის შესახებ, რომელიც აზრების ვიზუალიზებას შეძლებდა ტექსტის სახით, ისე რომ ტვინის სიგნალებს დაეყრდნობოდა.

ამასთან, CTRL-Labs-ი საკმაოდ პოპულარული სტარტაპია პროგრესულ კომპანიებს შორის. მასში უკვე ჯამურად 67 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო. ინვესტორებს შორის კი არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა Google და Amazon ის კუთვნილი ერთ-ერთი ფონდი.

კოკა კვირკველია