საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი „საქნახშირი“ მეშახტეების პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „საქნახშირი“ რეალური ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა და ინფორმაცია ტყიბულში დასაქმებულებისთვისაც ცნობილი იყო. მათივე ინფორმაცით, კომპანია აქტიურ რეჟიმში აწარმოებს კონსულტაციებს სახელმწიფოსთან ერთად, რათა შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი გამოინახოს.
„მოგეხსენებათ, ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ნახშირმოპოვებითი სამუშაოები 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ, პრემიერ- მინისტრის ბრძანებით შეჩერებულია. ტყიბულის შახტებში ხორციელდება მხოლოდ უსაფრხოებიდან გამომდინარე სავენტილაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები. მიუხედავად ამისა, მოცემულობიდან გამომდინარე, კომპანია „საქნახშირისა“ და სახელმწიფოს თანადგომით ამ 13 თვის განმავლობაში უწყვეტად ხდებოდა პერსონალისთვის ხელფასების გაცემა, სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურება, მიმდინარე საოპერაციო ხარჯების დაფარვა. რაც ყოველთვიურად მილიონ ორასი ათას ლარზე მეტს შეადგენს და თითქმის 20 მილიონ ლარამდეა მთლიანობაში.
ამ დროისთვის კომპანია „საქნახშირი“ დადგა რეალური ფინანსური პრობლემების წინაშე, ინფორმაცია ცნობილი იყო ტყიბულში დასაქმებულებისათვისაც. ამ დროისათვის კომპანია აქტიურ რეჟიმში აწარმოებს კონსულტაციებს სახელმწიფოსთან ერთად, რათა ერთობლივად გამოინახოს გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან “, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულში 15-მდე მეშახტე შახტში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს აცხადებს, ვიდრე ხელფასს არ მიიღებს.