“ევროპული საქართველო” 2019 წლის საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს, რომელიც პარლამენტში შევიდა, მხარს არ უჭერს.
როგორც დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საბიუჯეტო ცვლილებების პროექტით, ხელისუფლება შიდა ვალის სახით დამატებით 500 მილიონ ლარს იღებს. მისივე თქმით, საქართველოს ვალი 2012 წელს 7.8 მილიარდი ლარი იყო, დღეს კი 19 მილიარდზე მეტია.
„ხელისუფლება დღეს საკუთარ მოსახლეობას ატყუებს. ჩვენ გვახსოვს, პრემიერ-მინისტრის გამოსვლა პარლამენტში, როცა მან ბრძანა, რომ თურმე, ლარი იმიტომ უფასურდება, რომ საქართველოს მთავრობა ვალებს არ იღებს. ამ საბიუჯეტო ცვლილებებით დამატებით მთავრობა 500 მილიონიან შიდა ვალს იღებს. 2019 წელს ისედაც გათვალისწინებული იყო 400 მილიონიანი მაღალ პროცენტიანი შიდა ვალის აღება და ამ ცვლილებებით მას კიდევ დაემატება 500 მილიონი. შედეგად, მხოლოდ წელს აღებული შიდა ვალი იქნება 900 მილიონი.
ეს ცვლილებები აჩვენებს, რომ პრემიერობის კანდიდატმა გახარიამ მაშინ მოატყუა მოსახლეობა, როცა თქვა, რომ ეს მთავრობა არ იღებს ვალებს. დღეს ვალი საგანგაშოდ მაღალია, როგორიც არ ყოფილა არასდროს, არც შევარდნაძის და არც ნაციონალური მოძრაობის პერიოდში,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული ვალის აღება ხელისუფლების მენეჯმენტის უუნარობაზეც მეტყველებს. როგორც დავით ბაქრაძე აღნიშნავს, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა აეთვისებინა შეღავათიანი კრედიტი და ამიტომ იღებს შიდა ვალს მაღალ პროცენტში, ამის მიზეზი კი უუნარობა, არაკომპეტენტურობა და კორუფციაა.