ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო „საქნახშირს“ მოუწოდებს, მეშახტეების სახელფასო დავალიანების დაფარვა უზუნველყოს.
შახტაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს.
„მოვუწოდებთ „საქნახშირის“ ადმინისტრაციას, დროულად წარმართოს მოლაპარაკება შახტებში დასაქმებულებთან და უზრუნველყოს დასაქმებულთა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
ამასთან, კომპანია „საქნახშირი“ ვალდებულია, დაიცვას საკუთარი თანამშრომლების შრომითი უფლებები და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები, მათ შორის, სახელფასო ანაზღაურების დროულად გადახდის მიმართულებით.
კომპანიამ ასევე უნდა უზრუნველყოს და დაიცვას ტყიბულის შახტებში დასაქმებულთა ინტერესები, მით უფრო, როდესაც საუბარია როგორც შახტებში ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, ასევე შრომითი პირობების თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე.
ტყიბულის შახტებში არსებული მდგომარეობა გერმანულმა კომპანიამ DMT შეისწავლა. გერმანელი სპეციალისტების დასკვნის თანახმად, ტყიბულის შახტებში ტექნიკურ და შრომითი უსაფრთხოების კუთხით შეუსაბამობები გამოვლინდა, რომელთა აღმოფხვრის მიზნით „საქნახშირს“ თითქმის ერთი წელია, რაც მიეცა რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც კომპანიას შახტებში სრულფასოვანი ამოქმედების შესაძლებლობას მისცემს“, - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.