„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონპროექტის მთავარი აზრია, კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე ენერგეტიკის ბაზარი ჩამოვაყალიბოთ"

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონპროექტის მთავარი აზრი არის, რომ ჩვენს ქვეყანაში უნდა ჩამოვაყალიბოთ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე ენერგეტიკის ბაზარი,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა ჟურნალისტებთან, მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, კანონპროექტი ენერგეტიკის სფეროში ახალი სათამაშო ველის შექმნას ითვალისწინებს.

„კანონი აყალიბებს იმ მოთამაშეებს, ბაზრის მონაწილეებს, რომლებმაც ახალ სახეცვლილ ენერგეტიკულ სექტორში უნდა მიიღონ მონაწილეობა. ჩამოწერილია და განსაზღვრულია, თუ რა ფუნქციები ექნება თითოეულ მათგანს. კიდევ ერთი ცვლილება, რაც არის, უნდა მოხდეს გამიჯვნა მიწოდების და განაწილების საქმიანობის, დგინდება სემეკის როლი და მის დამოუკიდებლობას ხაზი ესმევა და ძლიერდება. გამიჯვნა მოხდება ჯერ ენერგეტიკის და შემდეგ, ეს შეთანხმებულია ევროკავშირთან მოგვიანებით ეს იქნება გაზის ბაზარზეც. ჩვენ პირველ რიგში უნდა მივიღოთ ბაზრის წესები, რომელიც უნდა დაამტკიცოს მთავრობამ. კანონი განსაზღვრავს რა ვადებში უნდა იყოს ეს გაკეთებული. მაქსიმუმ 12 თვის განმავლობაში ჩვენ უნდა მივიღოთ მეორადი კანონმდებლობა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ განხორციელდეს რეფორმები ამ სექტორში.

თვითონ ელექტრონულ პლატფორმას რაც შეეხება, სადაც მოხდება ვაჭრობა მომავალში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2021 წლიდან უნდა ვიყოთ მზად, რომ შევიდეთ და დავიწყოთ ვაჭრობა,“- განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.