„საქნახშირის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ მეშახტეთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკება მიმდინარეობს

ტყიბულში მერიასთან მეშახტეთა აქციაზე „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი მივიდა. როგორც ჯაყელმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის გუშინაც შეხვდა ადმინისტრაციის შენობაში მეშახტეებს, ასევე ღამით ჩასული იყო შახტში მყოფ მეშახტეებთან და მათი მოთხოვნები ადგილზე მოისმინა.

როგორც ჯაყელი აცხადებს, მიმდინარეობს მოლაპარაკება ეკონომიკის სამინისტროსთან სხვადასხვა საკითხებზე და ეცდებიან მალე მოხდეს მეშახტეთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, რათა მათი კუთვნილი ხელფასები გაიცეს.

„რაც შეეხება შახტის დახურვის საკითხს, ეს საკითხი განსახილველად არც დგას, შახტის დახურვა არ იგეგმება“, - განაცხადა ჯაყელმა.

შეგახსენებთ, რომ მეშახტეები ხელფასების დარიგებას ითხოვენ. გუშინ 25-მდე მეშახტე შახტაში ჩავიდა და ამოსვლაზე უარს აცხადებს, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.