„საქსტატი“ - გასულ წელს ქვეყენაში 128.3 მილიონი ლარის ღირებულების მეცნიერული კვლევები განხორციელდა

„საქსტატის“ მონაცემებით, გასულ წელს ქვეყენაში 128.3 მილიონი ლარის ღირებულების მეცნიერული კვლევები განხორციელდა.

„საქსტატი“ მეცნიერული კვლევების 2018 წლის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2018 წელს, საქართველოში მეცნიერულ კვლევებს ახორციელებდა 56 დაწესებულება, საიდანაც 47 ერთეული წარმოადგენდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. მათ მიერ წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჯამურმა მოცულობამ 128.3 მილიონი ლარი შეადგინა.

კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხოვნობამ 15 522 შეადგენა, რომელთაგან 11 174 ერთეულს წარმოადგენდნენ მკვლევარები. მკვლევარების 53 პროცენტი ქალია, ხოლო 47 პროცენტი კაცი. მკვლევართა 65.6 პროცენტი არის დოქტორი ან მასთან გათანაბრებული განათლებით, 30.1 პროცენტი - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული განათლებით, 4.2 პროცენტი ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული განათლებით.

რაც შეეხება მკვლევარების განაწილებას ასაკის მიხედვით, ქალებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფზე, ხოლო კაცებში - 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფზე.

მკვლევარების ყველაზე დიდი ნაწილი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობენ, რომელთა საერთო რიცხოვნობა 2 745 ერთეულს შეადგენს. ხოლო ყველაზე მცირე ნაწილი სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მოდის, სადაც 500-მდე კაცია დასაქმებული.