ამიერიდან Facebook-ზე  პოლიტიკოსების პოსტები აღარ წაიშლება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი სიძულვილის ენას გამოიყენებენ

ამიერიდან სოციალურ ქსელ Facebook-ზე პოლიტიკოსების პოსტები აღარ წაიშლება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი სიძულვილის ენას გამოიყენებენ. ამის შესახებ ინფრომაციას გამოცემა Business Insider ავრცელებს.

ამ ცვლილების შესახებ Facebook-ის პრეს-სპიკერმა ნიკ კლეგმა განაცხადა. მისი თქმით Facebook ყალბი ანგარიშების (ექაუნთების) დაბლოკვასა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების შეჩერებას კვლავ აგრძელებს.

ამასთანავე კლეგმა აღნიშნა, რომ ამიერიდან სოციალურ ქსელზე განთავსებული პოლიტიკოსების პოსტები აღარ წაიშლება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი სიძულვილის ენას შეიცავენ ან გავრცელებული იქნება დაუდასტურებელი ინფორმაცია.

„Facebook-ის დაარსების დღიდან მისი ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი გამოხატვის თავისუფლება იყო. ჩვენ გვსურს თითოეულ ადამიანს ჰქონდეს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრები და გრძნობები. ამიტომაც ამიერიდან პოლტიკური პირების მიერ გავრცელებული შეურაცხმყოფელი პოსტები არ წაიშლება.“- განაცხადა ნიკ კლეგმა.

აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებას საზოგადოების ნაწილი უარყოფითად შეხვდა. მიდლბურის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი ალექს ნიუჰაუსი აცხადებს, რომ Facebook-მა ძალიან სახიფათო ნაბიჯი გადადგა.

„Facebook-ის გადაწყვეტილება ბევრ საფრთხეს შეიცავს. უპასუხისმგებლობაა მსოფლიოში ყველაზე დიდი სოციალურ ქსელში, რომელსაც რამდენიმე მილიარდი ადამიანი იყენებს, პოლიტიკოსებს ამხელა ძალაუფლება გადასცე. მათ შეეძლებათ ადამიანებზე მანიპულირება მოახდინონ, მოატყუონ და გააცურონ ისინი. ასევე გამოიყენონ სიძულვილის ენა და გაავრცელონ ყალბი ინფორმაცია.“-აცხადებს ის.