რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ავტომობილების რიგებია - რა ცვლილებები შეიტანა რუსეთმა საზღვარზე გადაადგილების წესში

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე „ზემო ლარსის“ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან (რუსეთის მხარეს) სატვირთო მანქანების რამდენიმე კილომეტრიანი კოლონა დგას. როგორც მძღოლები ამბობენ, თუ ადრე თითო მანქანის გაფორმებას 3 ან 5 წუთი სჭირდებოდა, ახლა ეს დრო გაიზარდა. მძღოლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რადგან მათ წინასწარ არ იცოდნენ ახალი რეგულაციების მიღების შესახებ და შესაბამისად, დიდი ხნით საზღვარზე დაყოვნება მათ პრობლემებს უქმნის.

როგორც მძღოლები ამბობენ, მათ სხვადასხვა ტვირთი, მათ შორის შოკოლადი, ხორბალი და ხორბლის ზეთი საქართველოს, სომხეთის და თურქეთის ტერიტორიაზე უკვე წლებია შეაქვთ. წონის კონტროლის ახალი რეგულაციის გამო, მათ საზღვარზე ლოდინი რამდენიმე კვირის განმავლობაში უწევთ. საზღვარზე კი მაღაზიაც არ არის, რომ საკვები შეიძინონ.

როგორც ცნობილია, გამშვებ პუნქტზე სატვირთო მანქანების გატარებისას მათ შემოწმება რამდენიმე ეტაპად უნდა გაიარონ. სატვირთოებმა უნდა გაიარონ პლატფორმა, სადაც ტვირთი იწონება, ხოლო ლაზერული აპარატი მანქანის სხვა მონაცემებს ამოწმებს. მძღოლებს ეძლევათ ინფორმაცია, სატვირთოს სიგრძის, სიმაღლის და სიგანის შესახებ, თუ მათ მოთხოვნები დააკმაყოფილეს, ისინი გამშვებ პუნქტს წარმატებით გადიან.

„ზემო ლარსის“ სასაზღვრო გამშვები პუნქტის წარმომადგენლის თქმით, ახალი საკონტროლო საშუალებების დანერგვის შემდეგ, მათ უამრავი პრობლემა აღმოაჩინეს: „გარდა იმისა, რომ გაიზარდა სატვირთოების შემოწმების დრო, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ უამრავი მძღოლი არ იქცევა კეთილსინდისიერად, ისინი არღვევენ სატვირთოს წონის რეგულაციებს და ხშირად, მათი მანქანები დასაშვებზე მეტი პროდუქტითაა დატვირთული“ - ამბობს „ზემო ლარსის“ წარმომადგენელი.

თუ ადრე მანქანა მხოლოდ საბუთების შემოწმებას გადიოდა და ამ ყველაფერს 5 წუთი სჭირდებოდა, ახლა უკვე ერთი მანქანა 15 წუთის განმავლობაში მოწმდება, თუ დარღვევები აღმოჩნდება, მაშინ ეს დროც იზრდება.

„ზემო ლარსზე“ დღე-ღამის განმავლობაში 170-მდე სატვირთო მოწმდება, როცა ახალი კანონის შემოღებამდე სასაზღვრო გამშვებ პუნქტს 400-მდე მანქანა გადიოდა.

როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟო გამშვებ პუნტქზე მას შემდეგ შეიცვალა ვითარება, როცა 2019 წლის სექტემბერში ძალაში შევიდა რუსეთის ფედერაციის 1998 წელს მიღებული კანონი. კანონის დარღვევის შემთხვევაში სატვირთოს მძღოლები ადმინისტრაციული ჯარიმის სახით 100-დან 400 რუბლამდე გადაიხდიან.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ