ბათუმის ახლად შემოერთებულ ტერიტორიაზე 85 კმ წყალმომარაგების ქსელი ეწყობა, რომელიც 8 ათასზე მეტ აბონენტს მოემსახურება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის ახლად შემოერთებულ ტერიტორიაზე წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის მშენებლობის სამუშაოებს ქალაქ ბათუმის მერთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ბათუმის ახლად შემოერთებულ ტერიტორიაზე, წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური ქსელი აქამდე არ არსებობდა და მოსახლეობა წყალმომარაგების მიზნით მიწისქვეშა წყლებს იყენებდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, იქ მცხოვრებ მოსახლეობას უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.

პირველ ეტაპზე წყალმომარაგების ქსელი ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ხახულისა და გოდერძი ჩოხელის ქუჩების მონაკვეთში მოეწყო. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა მეჯინისწყლის ხიდამდე 3500 აბონენტის წყალმომარაგება.

პროექტის მეორე ეტაპზე კი, ხელვაჩაურის ცენტრამდე, მაგისტრალური მილი მოეწყო. პროექტის საერთო ღირებულება 14 მილიონი ლარია.

,,ბათუმის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მოწესრიგება. დღეს დავათვალიერეთ ახლად შემოერთებული ტერიტორიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უბანი, სადაც 8 ათასზე მეტი აბონენტი ძალიან მალე მიიღებს თანამედროვე წყალმომარაგებას. რამდენიმე დღეში გვექნება სიახლე, ბათუმის, მათ შორის, ახალ შემოერთებული ტერიტორიების წყალმომარაგება-წყალარინებასთან დაკავშირებით. ჯამში, 2-3 წლის განმავლობაში ჩვენ უნდა შევძლოთ პრაქტიკულად მთელი აჭარის ტერიტორიაზე გვქონდეს თანამედროვე წყლის ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

წყალმომარაგების ქსელის საერთო სიგრძე მაგისტრალური და შიდა დაქსელვის ჩათვლით 85 კილომეტრს შეადგენს.

,,ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე პროექტი, განსაკუთრებით ბათუმის ამ ნაწილისთვის, ხელვაჩაურის ტერიტორიებზეც, რომლებიც ბათუმის ტერიტორიებია, წყლის მომარაგების თვალსაზრისით. ძალიან მალე მოსახლეობას წყალი მიეწოდება“ - განაცხადა ქალაქ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ.

პროექტი ბათუმის მერიის, აჭარის მთავრობისა და შპს ,,ბათუმის წყლის“ მხარდაჭერით ხორციელდება.